გამოქვეყნებულ წერილში, რომელსაც ხელს 5 სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრი 26 ევროდეპუტატი აწერს, აღნიშნულია, რომ უნგრეთი ევროკავშირის ღირებულებებს არღვევს.
“ჩვენ, ევროპარლამენტის 26 წევრი, გწერთ რათა გამოვთქვათ ჩვენი ღრმა შეშფოთება უნგრეთში განვითარებული მოვლენების გამო. ევროკომისიას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეუჩეროს დაფინანსება უნგრეთს და გაზარდოს ვიქტორ ორბანის მთავრობაზე წნეხი, რათა მათ შეწყვიტონ ევროკავშირის ღირებულებებისა და კანონმდებლობის დარღვევა და დაიცვას კავშირის ფინანსური ინტერესები”, – ნათქვამია ბიუჯეტირებისა და დემოკრატიის საკითხებში ევროკომისრების სახელზე დაწერილ წერილში.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისიას 2022 წლის დეკემბრიდან უნგრეთისთვის უკვე აქვს შეჩერებული €18 მილიარდის ოდენობის დაფინანსება სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებით, ქვეყანაში გავრცელებული კორუფციისა და კანონის უზენაესობის დარღვევის მიზეზით.
“სამწუხაროდ, 2022 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგაც, უნგრეთმა არა მხოლოდ ვერ მიაღწია რეალურ პროგრესს მოთხოვნილი პირობების დაკმაყოფილებაში, არამედ უფრო საგანგაშო რეგრესი განიცადა”, – ნათქვამია წერილში.
წერილში ოთხი ძირითადი პრობლემური საკითხია დასახელებული, მათ შორის: სასამართლოს დამოუკიდებლობის შემცირება, ბუდაპეშტში LGBT თემის მხარდამჭერი მარშის ჩატარების აკრძალვა, “სუვერენობის დაცვის” კანონის მიღება და მთავრობის პირდაპირი ჩარევა უნგრეთის “მთლიანობის დამცავი ორგანოს” საქმიანობაში. ამასთან, უნგრეთის პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც ქვეყანაში უცხოური დაფინანსების მქონე მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აღრიცხვასა და დაჯარიმებას ითვალისწინებს.