განცხადებაში აღნიშნულია, რომ საბჭოს პოზიცია ეფუძნება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების რეჟიმს, რომლის ფარგლებშიც მწარმოებლები თავიანთი პროდუქტის სრულ სასიცოცხლო ციკლზე, მათ შორის ნარჩენების მართვაზეც არიან პასუხისმგებლები.
“აღნიშნული რეგულაცია პლასტმასის გადამუშავების სავალდებულო სამიზნე მაჩვენებელს აწესებს და აჩენს შესაძლებლობას, სამომავლოდ მსგავსი სამიზნე მაჩვენებლები დაწესდეს ფოლადის, ალუმინისა და კრიტიკული მინერალების გადამუშავებისთვისაც”, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ავტომობილის მწარმოებელთა ევროპული ასოციაციაც, რომელიც მიიჩნევს, რომ ახალი რეგულაციები სექტორის კონკურენტუნარიანობაზე გავლენას არ მოახდენს.
“ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის დასრულების შემდეგ მისი გადამუშავების წესები ტექნიკურად შესრულებადი და თანმიმდევრული საკანონმდებლო ჩარჩოთი მხარდაჭერილი უნდა იყოს. ექსპლუატაციიდან გამოსული ავტომობილების რეციკლირების სისტემა ერთ ღამეში ვერ შეიცვლება” – განაცხადა ასოციაციის დირექტორმა.
იმისთვის, რომ რეგულაცია მოქმედ კანონად იქცეს, ევროკავშირის საბჭომ მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან უნდა დაიწყოს.