კერძოდ, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭო 27 მაისს უნგრეთთან დაკავშირებით განიხილავს ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ მექანიზმს, რომელმაც მომავალში შესაძლოა, სანქციების დაწესება, მათ შორის ხმის უფლების შეჩერება გამოიწვიოს. ეს უნგრეთისთვის უკვე მე-8 მოსმენაა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 2018 წელს ქვეყნის წინააღმდეგ მე-7 მუხლის პროცედურები დაიწყო. უნგრეთმა არაერთხელ დაბლოკა ევროკავშირის დახმარების პაკეტები უკრაინისთვის და მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
უნგრეთის ძალისხმევით ევროკავშირმა სანქცირებულთა სიიდან რამდენიმე რუსი ბიზნესმენი ამოიღეს. 2025 წლის მარტში ევროკავშირის წევრი ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
უნგრეთმა მხარდაჭერის სანაცვლოდ, სანქცირებულთა სიიდან ოთხი პირის ამოღება მოითხოვა. როგორც Politico წერდა, უნგრეთთან ამ კომპრომისის გარეშე 2000-ზე მეტ პირს სანქციები 15 მარტს მოეხსნებოდა.
უნგრეთის მოთხოვნით სიიდან ამოიღეს ბანკირი და ქიმიური ინდუსტრიის ხელმძღვანელი ვლადიმირ რაშევსკი; წარმოშობით უზბეკი რუსი მილიარდერის ალიშერ უსმანოვის და გულბახორ ისმაილოვა; ბიზნესმენი ვიაჩესლავ კანტორი და რუსეთის სპორტის მინისტრი მიხაილ დეგტიაროვი. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთი თავდაპირველად სიიდან რვა ადამიანის ამოღებას ითხოვდა, თუმცა კომპრომისულ ვარიანტში მხოლოდ ოთხი პირი მოხვდა.