ევროკავშირი ხელს უშლის სამხრეთ კავკასიის კონსოლიდაციას დიდ მეზობლებთან – ლავროვი

ევროკავშირი ხელს უშლის სამხრეთ კავკასიის კონსოლიდაციას დიდ მეზობლებთან – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ევროკავშირი მიზანმიმართულად ცდილობს ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ]საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის] დაახლოებას რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან.

ლავროვმა აღნიშნული განცხადება ერევანში, რუსულ-სომხურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ის ადგილობრივ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ესაუბრა.

მისი თქმით, რეგიონში ორი ტენდენცია ეჯახება ერთმანეთს: ერთი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნების სუვერენულ არჩევანსა და მათი მეზობლების — რუსეთის, ირანისა და თურქეთის — ინტერესების პატივისცემას, და მეორე — დასავლური, კონკრეტულად კი ევროკავშირის მცდელობა, თავს მოახვიოს რეგიონს საკუთარი დღის წესრიგი.

„დასავლეთის, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ მცდელობას, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს თავს მოახვიონ დომინანტური მიდგომა და არ დაუშვან მათი თანამშრომლობა უახლოეს მეზობლებთან,“ — აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, ფორმატი „3+3“, რომელიც აერთიანებს სამხრეთ კავკასიისა და რეგიონის დიდ სახელმწიფოებს, სწორედ ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი პლატფორმაა. ლავროვის თქმით, უკვე გაიმართა შეხვედრები სტამბოლში და თეირანში, დაგეგმილია მომდევნო შეხვედრებიც ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კულტურის საკითხებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთის მიდგომა — „ან ჩვენთან ხარ, ან ჩვენს წინააღმდეგ“ — ვრცელდება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაზე, არამედ აღმოსავლეთ ევროპაზე, ცენტრალურ აზიასა და მონღოლეთზეც.

ლავროვმა ევროკავშირი და აშშ დაადანაშაულა იმაში, რომ მათი პროექტებით მიიღება წვდომა სენსიტიურ ინფორმაციაზე, მათ შორის ოდკბ-ისა და ევრაზიული კავშირის ფარგლებში თანამშრომლობაზე, ასევე სახელმწიფო საზღვრების მართვის საკითხებზე.

მისივე თქმით, რუსეთის ალტერნატივა დასავლურ პროექტებს წარმოადგენს ურთიერთობა თანასწორობისა და პატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *