ევროკომისიის ინფორმაციით, კარტელი 2002 წლის მაისიდან 2017 წლის სექტემბრამდე ფუნქციონირებდა და ავტომწარმოებელთა ასოციაცია ACEA წევრ კომპანიებს შორის კონტაქტს უზრუნველყოფდა. კომპანიების რეიდი ევროკომისიამ სამი წლის წინ ჩაატარა.
კარტელი პროდუქციის მიმწოდებლების გაერთიანებაა, ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვის მიზნით.
საქმე ექსპლუატაციიდან გამოსული ავტომობილების გადამუშავებას ეხება. როდესაც ავტომობილი გამოუსადეგარია, ის ნაწილებად იშლება და რეციკლირდება.
ევროკავშირის კონკურენციის მარეგულირებლის დასკვნით, დაჯარიმებული კომპანიები შეთანხმდნენ, რომ ისინი ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევდნენ თავიანთი წარმოების ავტომობილების გადამუშავების შესაძლებლობების რეკლამირებით და საჯაროს არ გახდიდნენ ინფორმაციას, თუ რა რაოდენობის რეციკლირებული მასალებია ახალი ავტომობილების წარმოებაში გამოყენებული.
ავტომწარმოებლები ასევე შეთანხმდნენ, რომ ავტომობილების დემონტაჟისთვის პროფილურ კომპანიებს არ გადაუხდიდნენ. ევროკავშირის კანონმდებლობა კი ავტომწარმოებლებს ავალდებულებს, ავტომობილების რეციკლირების ხარჯი თავად დაფარონ, ნაცვლად ავტომფლობელებისა.
კომპანიებს შორის ყველაზე დიდი, 127.69 მილიონი ევროს ჯარიმა Volkswagen-მა მიიღო, 99.5 მილიონ ევროს აღწევს Stellantis-ის ჯარიმა, 81.46 მილიონ ევროს – Renault-Nissan-ის, ხოლო Ford-ის ჯარიმამ 41.46 მილიონი ევრო შეადგინა. დაჯარიმებულ კომპანიებს შორის არიან Toyota, Mitsubish, Honda, Hyundai, Jaguar Land Rover, Mazda, GM, Suzuki და Volvo.
კარტელის შესახებ მარეგულირებელს Mercedes-მა შეატყობინა, რითაც კომპანიამ ჯარიმა თავიდან აირიდა. ასოციაცია ACEA კი 500 000 ევროთი დაჯარიმდა.
ავტომწარმოებლები ბრალს აღიარებენ და სანაცვლოდ ჯარიმების 10%-იან შემცირებას ითხოვენ.