ევროკავშირმა სირიას ეკონომიკური სანქციები მოუხსნა

ევროკავშირმა სირიას ეკონომიკური სანქციები მოუხსნა
ევროკავშირმა სირიას ეკონომიკური სანქციები მოუხსნა. “გვსურს, დავეხმაროთ სირიელ ხალხს ახალი და მშვიდობიანი სირიის მშენებლობაში. ევროკავშირი ყოველთვის იდგა სირიელი ხალხის გვერდით და ამას გავაგრძელებთ”, – დაწერა X-ზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.

ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების შეფასებისას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასად ალ-შაიბანმა თქვა, რომ ქვეყნის ახალ მთავრობას საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.

ევროკავშირმა სირიაში ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე დაიწყო სანქციების შემსუბუქება, მიუხედავად იმისა, რომ ევროპა სიფრთხილეს იჩენდა სირიის ახალი მეთაურის მიმართ. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2024 წლის დეკემბერში ისიც თქვა, რომ ბაშარ-ალ ასადის რეჟიმის ცვლილება სირიისთვის შესაძლებლობაა, თუმცა რისკებსაც შეიცავს. სანქციების მოხსნაზე ევროკავშირის გადაწყვეტილებას წინ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება უძღოდა, რომელმაც სირიისთვის სანქციების მოხსნის პირობა დადო.

შშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკვე გამოსცა ზოგადი ლიცენზია, რომელიც სირიის მთავრობის, ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფო საწარმოების ტრანზაქციების ავტორიზაციას უზრუნველყოფს. ხაზინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი ლიცენზია ქვეყანაში ინვესტიციების და კერძო სექტორის აქტივობების ზრდას შეუწყობს ხელს და, ამავდროულად, თანხვედრაშია პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგიასთან: “ამერიკა უპირველესყოვლისა”.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 180 დღით შეაჩერა სანქციების აღსრულება, რისი მიზანიც სირიაში ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა საჭირო ჰუმანიტარული ინფრასტრუქტურისთვის ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობაა.

სირიისთვის დაწესებული სანქციების მოხსნაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის დეკემბერში ქვეყანაში ასადის დიქტატურა დაემხო და 2011 წელს დაწყებული სამოქალაქო ომის დასრულდა. სირიის ახალი მთავრობა ამტკიცებს, რომ ასადის დროს დაწესებული სანქციების ძალაში დარჩენა მხოლოდ შეანელებს ქვეყნის განვითარების ტემპს და არასტაბილურობას გამოიწვევს. შესაბამისად, ტრამპის გადაწყვეტილება სირიისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *