ევროკავშირმა შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა

რას ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების მე-17 პაკეტი?
ევროკომისიამ დღეს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის ახალი სტრატეგია წარადგინა.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სტრატეგია მიზნად ისახავს რეგიონის კავშირების გაძლიერებას ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და გეოპოლიტიკური თანამშრომლობის გაფართოებას.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის ფონზე, სტრატეგია ასევე გააძლიერებს ევროკავშირის, როგორც შავი ზღვის რეგიონში საიმედო აქტორის, გეოპოლიტიკურ როლს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი განახორციელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. აქცენტი გაკეთდება რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და კავშირის პროექტებზე სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და ციფრულ ქსელებში.

ევროკომისიის განმარტებით, სტრატეგია სამი ძირითადი მიმართულებითაა გაწერილი:

  1. უსაფრთხოება და სტაბილურობა – მოიცავს შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვასა და განაღმვის პროცესში რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას.
  2. მდგრადი ზრდა და კეთილდღეობა – ხაზგასმულია რეგიონში ლურჯი ეკონომიკის გაძლიერება, ტრანსევროპულ ქსელებთან შესაბამისობის განვითარება და კავშირების გაფართოება სამხრეთ კავკასიის გავლით.
  3. გარემოს დაცვა და კლიმატის მდგრადობა – სტრატეგია ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ზიანის აღმოფხვრას, კლიმატის ცვლილებაზე რეაგირებას და სანაპირო თემების მზადყოფნის ამაღლებას.

ევროკავშირის განცხადებით, ამ სტრატეგიით გაწერილი ინიციატივები მიზნად ისახავს როგორც გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობას, ისე უსაფრთხოების დაუყოვნებელ გამოწვევებზე რეაგირებას.

„დღევანდელი სტრატეგია მიზნად ისახავს შავი ზღვის პარტნიორებისა და ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ორივე მხარეს შესთავაზებს ხელშესახებ სარგებელს“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *