ეს გადაწყვეტილება ოთხწლიანი გამოძიების შედეგად იქნა მიღებული, რომლის დროსაც დადგინდა, რომ TikTok-მა ევროპელი მომხმარებლების პერსონალური მონაცემები ჩინეთში გადააგზავნა, რაც ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის (GDPR) დარღვევას წარმოადგენს.
მარეგულირებლის განცხადებით, TikTok-მა ვერ უზრუნველყო და ვერ დაამტკიცა, რომ ევროპელი მომხმარებლების მონაცემები, რომლებიც ჩინეთში მდებარე თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი იყო, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი დაცვის დონით იყო უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, კომპანიამ მომხმარებლებს არ მიაწოდა საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და როგორ მუშავდებოდა მათი პერსონალური მონაცემები.
TikTok-მა განაცხადა, რომ არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და გეგმავს მის გასაჩივრებას. კომპანიის განცხადებით, გამოძიება ეხებოდა პერიოდს, რომელიც დასრულდა 2023 წლის მაისში, სანამ დაიწყებოდა მათი მონაცემთა ლოკალიზაციის პროექტი, სახელწოდებით “Project Clover”, რომელიც ითვალისწინებს სამი მონაცემთა ცენტრის აშენებას ევროპაში.
ბრალდების მხარის განცხადებით, TikTok-მა გამოძიების განმავლობაში არასწორი ინფორმაცია მიაწოდა კომისიას, მათ შორის იმის შესახებ, რომ ევროპელი მომხმარებლების მონაცემები არ იგზავნებოდა ჩინეთში. თუმცა, 2025 წლის აპრილში კომპანიამ თავად აღიარა, რომ გარკვეული მონაცემები მართლაც ინახებოდა ჩინურ სერვერებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ადგილობრივი მომხმარებლების მონაცემების ჩინეთში გაგზავნის მიზეზით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა აშშ-ში TikTok-ის გამოყენება აკრძალა და უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.