“ევროკავშირს არ სურს საქართველოს დაკარგვა” – რამდენად ღირს “ოცნებასთან” დიალოგის აღდგენა?

“ევროკავშირს არ სურს საქართველოს დაკარგვა” – რამდენად ღირს “ოცნებასთან” დიალოგის აღდგენა?
ევროკავშირს არ სურს საქართველოს დაკარგვა – ასე ხსნის ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატა საბანაძე გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის გზავნილს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგის აღდგენის შესაძლებლობაზე, რომელიც უმაღლეს დონეზე ახლა შეჩერებულია.

„მარტა კოსის გზავნილი წავიკითხე როგორც ხელის გაწოდება, სურვილი, რომ იქნებ რაღაცნაირად აღვადგინოთ დიალოგი. მაღალ დონეზე არაა საუბარი, რადგან ურთიერთობები გაწყვეტილია, მაგრამ იქნებ სამუშაო დონეზე მაინც აღდგეს კავშირები და მოხდეს ქვეყნის შემობრუნება;

მეორე მხრივ, ვნახეთ, როგორი ხისტი პასუხი მიიღო თავად კოსმა „ქართული ოცნებისგან“, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ [ევროკავშირთან დაახლოებისთვისო]… ფაქტობრივად, ძალიან აშკარად გამოჩნდა, რომ “ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი სურვილი, განაახლოს ურთიერთობები ევროკავშირთან… აშკარად პროდასავლური ვექტორიდან გადავედით ანტიდასვალურზე.

ევროკავშირის მხრიდან სურვილი გასაგებია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ცალმხრივად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი, ის კანდიდატი ქვეყანაა; ამასთან, ძალიან გამწვავებული გეოპოლიტიკური ქიშპობის პერიოდია, სადაც რუსეთის გავლენა შეიძლება ძალიან გაძლიერდეს და არა მხოლოდ რუსეთის, არის სურვილი, რომ საქართველო არ დაიკარგოს ევროპისთვის“, – განაცხადა ნატა საბანაძემ.

მართალია, ყოფილ ელჩს მიაჩნია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგს აზრი არ აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, კომუნიკაციაში პრობლემას ვერ ხედავს.

– სიმართლე გითხრათ, არ მჯერა „ოცნების“ დაბრუნების ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან მათი მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის მან არ უნდა გაატაროს რეფორმები; ამიტომ არ აქვს აზრი [დიალოგს] და ამას ძალიან მალე გაიგებს ევროკავშირი, თუ დიალოგს ეცდება.

– მაშინ რა აზრი აქვს კომუნიკაციის აღდგენას და იმ გზავნილს, რომელიც ევროკომისრის მხრიდან გაჟღერდა?

– არ ვთვლი, რომ სამუშაო დონეზე დიალოგი პრობლემა იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ გაიგონ და შეაფასონ, რა ხდება. სამუშაო დიალოგი თუ დაიწყო, თავად მოისმენენ იმ გზავნილებს, რაც ისმის [ოცნებისგან]. საბოლოო ჯამში, შეიძლება, ევროკავშირისთვის თავისი პოლიტიკის ჩამოყალიბებისთვის ცუდი არ იყოს… ძალიან ძნელი წარმოსადგენია „ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან ურთიერთობების აღდგენა. წარმოიდგინეთ, რეჟიმს უთხრათ, რომ ხარაკირი გაიკეთოს ანუ ჩაატაროს თავისუფალი არჩევნები. ძალაუფლების დაკარგვა არის ყველაზე დიდი შიში, რომელსაც ევროკავშირის რეფორმები ურტყამს, ამიტომ რატომ იზამს?! არ იზამს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *