ევროპარლამენტი და საბჭო უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებაზე შეთანხმდა

ევროპარლამენტი და საბჭო უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებაზე შეთანხმდა
ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ შეთანხმებას მიაღწიეს უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმზე. ეს მექანიზმი ევროკავშირს შესაძლებლობას აძლევს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილდებიან. ინფორმაციის მიხედვით, ცვლილებების შედეგად, ევროკავშირი უკეთეს მდგომარეობაში იქნება, რეაგირება მოახდინოს ისეთ შემთხვევებზე, როცა უვიზო მიმოსვლა ბოროტად გამოიყენება ან ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ვიზო მიმოსვლის შეჩერების მიზეზი, შესაძლოა გახდეს ევროკავშირის ურთიერთობის გაუარესება მესამე ქვეყანასთან, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებით.

ამას გარდა, შეჩერების საფუძველი ასევე შეიძლება გახდეს უვიზო რეჟიმით მოსარგებლე ქვეყნის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა, იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ქვეყნის გეოგრაფიულმა სიახლოვემ, მესამე ქვეყნების მოქალაქეების არაავტორიზებული შესვლის ზრდა გამოიწვია.

შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ახალი საფუძველია ასევე ინვესტორის მოქალაქეობის სქემის ფუნქციონირება, რომლის მიხედვითაც წინასწარ განსაზღვრული საფასურის ან ინვესტიციების სანაცვლოდ, მესამე ქვეყნის მოქალაქეობა ენიჭებათ ისეთ პირებს, რომლებსაც არ აქვთ მასთან შესაბამისი კავშირი.

ასევე ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლების ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს.

“უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან სარგებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და თავად ევროკავშირისთვისაც. თუმცა თუ მესამე ქვეყნები ბოროტად იყენებენ ამ უპირატესობას, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო ზომა ვითარების გამოსასწორებლად. ეს ინსტრუმენტები ზეწოლას მოახდენს იმ ქვეყნებზე, რომლებიც თავს არიდებენ არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და მასთან ბრძოლაში თანამშრომლობას”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *