ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის ინიციატივას, 50%-ით გაიზარდოს რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტის ტარიფი იმ პროდუქციაზე, რომლებზეც დამატებითი საბაჟო მოსაკრებელი უკვე არ ვრცელდებოდა. ამ პროდუქტებს შორისაა შაქარი, ძმარი, ფქვილი და ცხოველების საკვები.
ევროკომისიის წინადადება ასევე ითვალისწინებს რუსეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებულ სასუქზე 6.5%-იან ტარიფს და ერთ ტონაზე 40-45-ევროიან გადასახადს 2025-2026 წლის პერიოდში. 2028 წლიდან ეს ტარიფი ტონაზე 430 ევროთი განისაზღვრება. რუსული და ბელორუსული სასუქის იმპორტიდან მიღებული შემოსავალი კი სრულად უკრაინის მხარდაჭერას უნდა მოხმარდეს.
პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ზომები ევროკავშირში ამ ორი ქვეყნიდან პროდუქტების პირდაპირ თუ არაპირდაპირ იმპორტს მნიშვნელოვნად შეამცირებს, რაც, საბოლოოდ, ევროკავშირში სასასუქე პროდუქციის დივერსიფიკაციას გამოიწვევს.
კანონპროექტი პროდუქტის ფასების მონიტორინგს ევროკომისიას ავალდებულებს, რათა შიდა ბაზარსა და ევროკავშირის სოფლის მეურნეობის სექტორში ნებისმიერი ტიპის ზარალი დაზღვეული იყოს.
ინიციატივას მხარი 411 დეპუტატმა დაუჭირა, 100-ის წინააღმდეგ.
იმისთვის, რომ რეგულაცია საბოლოოდ შევიდეს ძალაში, ის ევროსაბჭომ უნდა მიიღოს და ოფიციალურ კრებულში უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ, რუსულ და ბელორუსულ აგროპროდუქტზე ტარიფები 4 კვირაში ამოქმედდება.