ევროპელებზე მეტად ჩავერთეთ – ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა უკრაინას ევროპელებზე მეტად დაეხმარა

ტრამპი უარს ამბობს ზოგიერთ საქონელზე EU-თან ნულოვანი ტარიფით ვაჭრობაზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა ევროპელებზე მეტად იყო ჩართული უკრაინის ომში. როგორც ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, უკრაინის ომში ჩართვა და ევროპელებზე მეტი დახმარების გაწევა წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო.

“წინა ადმინისტრაცია ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევდა ჩვენს ჩართვას და ჩვენ ევროპელებზე მეტად ჩავერთეთ. ეს ჩართულობა იყო თანხით თუ სხვა ყველაფრით რაც [უკრაინელებს] მივეცით. ევროპელებმაც ბევრი მისცეს, თუმცა ეს ახლოსაც ვერ მოვა იმასთან რაც ჩვენ მივეცით. მგონი სამჯერ მეტი მივეცით”, – ამბობს ტრამპი და ამატებს, რომ ამ ტიპის დახმარება ისტორიულია და აშშ-ის არასდროს გაუწევია.

პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ მან ასევე თქვა, რომ რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებს.

“რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და რაც უფრო მნიშვნელოვანია ომის დასრულების მისაღწევად”, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.

სოჭში მყოფმა პუტინმა ჟურნალისტებთან ტრამპს მადლობა გადაუხადა ძალისხმევისთვის, რის შედეგადაც 2022 წლის შემდეგ თურქეთში პირველად შეხვდნენ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები პირისპირ. 16 მაისს უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება სტამბოლში გამართეს, სადაც რუსეთმა კვლავ უარი თქვა ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტაზე.

პუტინის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან შეთანხმდა, რომ რუსეთი იმუშავებს უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მემორანდუმზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც.

როგორც Reuters წერს, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ევროპელი ლიდერები სანქციების გამკაცრებით შეეცდებიან რუსეთზე ზეწოლას განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია დაანონსებული მკაცრი სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ ჯერ არ გეგმავს. როგორც ტრამპი ამბობს, ჯერ ხედავს შესაძლებლობას კრემლი ზეწოლის გარეშე დაითანხმოს მშვიდობაზე, უკრაინაში ომის 24 საათში დასრულება კი მეორე ვადით არჩეული ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *