ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში საშუალოზე თბილი ზამთარი იყო – კვლევა

ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში საშუალოზე თბილი ზამთარი იყო – კვლევა
ბოლო თვეებში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილებამ გასული თვეების სტიქიური მოვლენების ალბათობა გააორმაგა, ლოს-ანჯელესის ხანძრების ალბათობა კი 35%-ით გაზარდა.

თუმცა, გარდა მასშტაბური სტიქიური მოვლენებისა, კლიმატის ცვლილება ადამიანები ყოველდღიურობასაც ცვლის. Climate Central-ის ახალი ანალიზის თანახმად, 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ბოლომდე, გლობალურად ყოველი 5 ადამიანიდან მინიმუმ ერთმა კლიმატის ცვლილების გავლენა საკუთარ თავზე გამოცადა. კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ ზამთარს მსოფლიოში ექსტრემალური სიცხე კლიმატის ცვლილების ყველაზე გავრცელებული ეფექტი იყო.

მეცნიერები, რომლებმაც Climate Central-ის კვლევაზე იმუშავეს, აღნიშნავენ, რომ ზამთრის სამი თვის განმავლობაში სარისკოდ მაღალი ტემპერატურა 30 ან მეტი დღის განმავლობაში 394 მილიონ ადამიანს შეეხო, მათი 74% კი აფრიკის კონტინენტზე ცხოვრობს.

“სარისკოდ მაღალი ტემპერატურა” ფიქსირდება იმ დღეებში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა აღემატება ადგილობრივ დონეზე 1991-2020 წლებში დაფიქსირებული მაჩვენებლების 90%-ს.

ამასთან, Climate Central-ის თანახმად, ზამთრის სამი თვე საშუალოზე თბილი იყო ევროპის 43 ქვეყნიდან 42-ში. მაგალითად, რუსეთში დეკემბერ-თებერვლის შუალედში დაფიქსირებული მაქსიმალური ტემპერატურა 3.1°C-ით აღემატებოდა 1991-2020 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. ლიეტუვასა და ლატვიაში ეს სხვაობა 2.8°C იყო, ესტონეთში კი – 2.7°C.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ზამთრის განმავლობაში ყველაზე მეტი ანომალიურად ცხელი დღე მალტაში დაფიქსირდა, მეორე ადგილზე ნორვეგია და ესტონეთი არიან, მესამეზე კი – ლატვია. ამასთან, TOP 10 ქალაქიდან, სადაც ზამთრის სეზონზე უჩვეულოდ თბილი ამინდი შეინიშნებოდა, ათივე აღმოსავლეთ ევროპაშია. ესენია: ვილნიუსი, მინსკი, ტალინი, რიგა, ჰელსინკი, ხარკოვი, სარაევო, კიევი და კიშინიოვი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *