ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები – კობახიძის ანგარიში

ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები – კობახიძის ანგარიში
ირაკლი კობახიძის მიერ ერთპარტიულ პარლამენტში წარდგენილი მოხსნების მიხედვით, 2024-2025 წლების განმავლობაში საქართველოს საგარეო პოლიტიკის ფოკუსში ევროპის ქვეყნები იყო. “ოცნების” პრემიერი EPC-ს სამიტების ფარგლებში ეწვია გაერთიანებულ სამეფოს ( 2024 ივლისში), უნგრეთს (2024 წლის ნოემბერში) და ალბანეთს (2025 წლის მაისში).

გარდა ამისა, ანგარიშს მიხედვით მაკა ბოჭორიშვილმა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტები განახორციელა ავსტრიაში, ლუქსემბურგში, უნგრეთში და ვატიკანში.

ანგარიშში განსაკუთრებულ მიღწევადაა აღნიშნული 2025 წელს სერბეთის გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის შესახებ.

” საანგარიშო პერიოდში, ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. კერძოდ, საქართველოს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებისას გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. დამატებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ორჯერ ესტუმრა უნგრეთს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიწურულს და ასევე − მარტში, როდესაც სიტყვით გამოვიდა ამბასადორიალზე. შედგა მინისტრის ვიზიტი ლუქსემბურგში და ასევე განხორციელდა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა ფედერალურ მინისტრთან. საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით, ესწრებოდა ვატიკანში, რომის პაპის − ფრანცისკეს დაკრძალვისა და ახლადარჩეული პაპის − ლეონ XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონიებს.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა ვიზიტები გაერთიანებულ სამეფოში (2024 წლის 18 ივლისი), უნგრეთსა (2024 წლის 7 ნოემბერი) და ალბანეთში (2025 წლის 16 მაისი), ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტებში მონაწილეობის მისაღებად.

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გამოყენებულ იქნა ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ფართო სპექტრის განხილვის მიზნით. კერძოდ, გაიმართა კონსულტაციები ნიდერლანდებთან, სლოვაკეთთან, სერბეთთან, მალტასთან, იტალიასთან; ამასთან, შედგა მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტები უნგრეთსა და ლატვიაში.

აქტიურად გაგრძელდა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმების გამოყენება ევროპელ ლიდერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის მიზნით”, – წერია მოხსენებაში.

აშშ-სთან ურთიერთობა

ანგარიშში ვრცლადაა გაშუქებული საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობა. წერია, რომ 2024 წლის ივლისში თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია, აგვისტოში — ორპარტიული საპარლამენტო დელეგაცია სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ერთად.

წერია ისიც, რომ 2025 წლის აპრილში საქართველოს დელეგაციამ, საქართველოს დელეგაციამ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში ვაშინგტონში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროს დირექტორ ენდრიუ პიკთან.

მთავრობა ანგარიშში აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონსოლიდირებული ბიუჯეტის აქტში კვლავ აისახა საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერი, მათ შორის ქვეყნის დეოკუპაციის და არაღიარების პოლიტიკის კუთხით. თუმცა, არაფერი წერია შეჩერებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და არც იმაზე, საქართველოს ჩინოსნები და თანამდებობის პირები სანქცირებული არიან აშშ-ის მიერ. შესაბამისად ანგარიშში არ არის საუბარი, როგორ ხედავს “ოცნების” მთავრობა ამერიკასთან ურთიერთობას ახალი ადმინისტრაციის პირობებში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *