BMG-იმ მილანში, ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორთან არჩილ გაჩეჩილაძესთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა. არჩილ გაჩეჩილაძე კმაყოფილია, რომ ADB-ის გრძელვადიან პრიორიტეტებში ენერგეტიკის განვითარებაც მოხვდა. მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსების მოზიდვის ყველაზე მეტი შესაძლებლობა სწორედ ამ სფეროში აქვს.
რა იყო მნიშვნელოვანი ამ დროისთვის ADB-ის 58–ე ყოველწლიურ შეხვედრაზე?
აზიის განვითარების ბანკი მსხვილი პროექტებისთვის დაფინანსების ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია. საქართველოში ისინი ძირითადად აქტიურობენ სახელმწიფო დაფინანსების კუთხით, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით და ასევე ბანკებს აძლევენ რესურსს იმისთვის, რომ შემდეგ დამატებით კორპორატიული და საშუალო ბიზნესის დაფინანსება მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნება, რომ ADB-ის დაფინანსების სპექტრი უფრო გაფართოვდეს და შეეხოს იმ საკვანძო მიმართულებებს, რომლებიც მათ ჩამოაყალიბეს. 4 ასეთი ძირითადი მიმართულებაა.
ამ მიმართულებებიდან რომელი შეიძლება იყოს ყველაზე საინტერესო საქართველოსთვის?
ამ ოთხი ძირითადი მიმართულებიდან ერთ–ერთი ენერგეტიკული მიმართულებაა. საქართველოში ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლება არა მხოლოდ გენერაციის ობიექტების შექმნის, არამედ, გადამცემი ხაზების გაძლიერების თვალსაზრისით, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომ საქართველოს გავლით, ელექტროენერგიით ერთმანეთში ივაჭრონ. მეტის გაკეთება შეიძლება როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ასევე თურქეთთან მიმართებით, რომ გადაცემის რესურსი გაიზარდოს.
ADB-ის მკვეთრი აქცენტი აქვს დასმული განახლებადი ენერგიების განვითარებაზე..
დიახ. გადაცემის რესურსის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა განახლებადი ენერგიის წონა – მზის და ქარის ენერგიის წონა მატულობს. განახლებადი ენერგიები არამდგრადია. იმისთვის, რომ ამ ტიპის ენერგიის დაბალანსება მოხდეს, მეტი და მეტი კავშირებია საჭირო უფრო დიდი ქსელის ბაზრებთან.
ADB-ის ამ შეხვედრაზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელიც ახსენეს, როგორც ევროპასა და ADB-ის შორის თანამშრომლობის ერთ–ერთი მთავარი ხაზი..
ეს მართლაც უზარმაზარი პროექტია. საქართველოსთვისაც ყველაზე დიდი შესაძლებლობა სწორედ შავი ზღვის კაბელია, რომლითაც შესაძლებელი გახდება ჩვენი პირდაპირ ევროპის ქსელთან დაკავშირება. ამ პროექტს შეიძლება საუკუნის პროექტიც კი დაერქვას ენერგეტიკაში. თუმცა, მის განვითარებას რამდენიმე მილიარდი სჭირდება. შესაბამისად, ADB-ის და სხვა დიდი დამფინანსებლების ჩართულობა აქ აუცილებელია.
ერთი აქცენტი ADB-ის კერძო სექტორის მიმართულებით გააქტიურებაზეც დაისვა – ამაზე რა აზრის ხართ?
თუ ADB-ის მანდატი კერძო სექტორის დაფინანსებაზეც უფრო აქტიურად გავრცელდება – მსგავსად სხვა დიდი დამფინანსებლებისა, როგორებიცაა მაგალითად IFC ან EBRD – ეს მხოლოდ გასახარია. საქართველოში კომპანიები სწრაფად იზრდებიან და ფართოვდებიან. მათ უკვე მნიშვნელოვანი დაფინანსებები სჭირდებათ და აქ ასეთი ტიპის ორგანიზაციების როლი იზრდება. ADB-ის ამ კუთხით გააქტიურება საქართველოში ძალიან მისასალმებელი იქნება.