ენერგოეფექტურობის პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით გრძელდება – MES-ის ხელმძღვანელი

ენერგოეფექტურობის პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით გრძელდება – MES-ის ხელმძღვანელი
ენერგეტიკის მიმართულებით მომუშავე საკონსულტაციო კომპანია MES-ის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეგაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში ენერგოეფექტურობის პროექტის დაფინანსებას.

მან საკითხზე “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა და ამ მიმართულებით ბოლოს მიღებულ რეგულაციებზე გაამახვილა ყურადღება.

“პროექტისთვის 8,5 მილიონი გამოყო ევროკავშირმა. ის ეხმარება საქართველოს მთავრობას ევროკავშირის რიგი დირექტივების კანონმდებლობაში ტრანსპოზიციაში.

საქართველოს მთავრობას ვალდებულება ჰქონდა შეემუშავებინა 30 კანონქვემდებარე აქტი. 19 ენერგოეფექტურობის, ხოლო 11 შენობების ენერგოეფექტურობის მიმართულებით. დღეისთვის უკვე 25 მიღებულია და დანარჩენ ხუთზე მუშაობა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, შემოდგომისთვის პროცესი დასრულებული იქნება.

მნიშვნელოვანია ბოლოს მიღებული რეგულაცია. 8 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო ორი დადგენილება, რომლითაც ოთხი ახალი პროფესიის სპეციალისტის სერტიფიცირების წესი დადგინდა. ერთი არის წარმოებისა და ტრანსპორტირების ენერგოაუდიტის სპეციალისტი; მეორე შენობების, ანუ ენერგოაუდიტის სპეციალისტი, მესამე შენობების გათბობის და გაგრილების სისტემების პერიოდული ინსპექტირების ინსპექტორია, ხოლო მეოთხე ენერგო სერტიფიცირების ექსპერტი. ამ ოთხი მიმართულებით მოქმედმა სპეციალისტებმა უნდა გაიარონ სერტიფიცირება და მიიღონ ოფიციალური სერტიფიკატი. ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ იარსებებს რეესტრი.

ძირითადად ინჟინრებსა და არქიტექტორებზეა საუბარი. არსებობს გრადაცია აკადემიური გამოცდილებიდან გამომდინარე. თუ ადამიანს არა აქვს გამოცდილება და უნარ-ჩვევები, მაგრამ დაინტერესებულია განათლების მიღებით, არსებობს პროფესიული გადამზადების გზა და უნდა მიმართონ შესაბამის ტრენინგ ცენტრებს”,- ამბობს ბეგაშვილი.

კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ პარლამენტმა 2020 წელს დაამტკიცა, ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაცვა კი 2023 წლიდან გახდა სავალდებულო. ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების დაკმაყოფილების გარეშე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სამშენებლო ნებართვები აღარ გაიცემა. აღნიშნული ეხება ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. თუ კერძო ან საჯარო დანიშნულების შენობა 50 კვადრატულ მეტრზე მეტია, მან ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს. რეფორმის შემდეგ ეტაპზე შენობებს ენერგო კლასი მიენიჭება, რომელიც განსაზღვრავს, ენერგოეფექტურობის რა სტანდარტს შეესაბამება შენობა. სტატუსი შენობებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირმა უნდა მიანიჭოს. შესაბამისად, გათვალისწინებულია ახალი პროფესიის შემოღება, რომლის მიერ შენობის ენერგოინსპექტირების სერტიფიკატის გაცემის გარეშე შენობები ექსპლუატაციაში არ მიიღება. რეფორმის შემდეგ ეტაპზე კიდევ სხვა არაერთი რეგულაციის ამოქმედებაა გეგმაში, რამაც ქვეყანაში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი. ამ მიმართულებით რეფორმის გატარებაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარებოდა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *