ერდოღანმა თურქეთის კონსტიტუციის განახლების საჭიროებაზე გასულ კვირას ისაუბრა. მისი თქმით, ახალი კონსტიტუცია საჭიროა, რათა თურქეთმა განვითარება გააგრძელოს და მსოფლიოს ახალ წესრიგს მოერგოს.
“თურქეთი იცვლება, იცვლება სამყაროც. ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ და მომდევნო ეპოქისკენ მივდივართ. ასეთ სწრაფად ცვალებად სამყაროში, როგორ უნდა მიაღწიოს თურქეთმა რამეს კონსტიტუციით, რომლის ძირითადი საყრდენიც ხუნტას პერიოდში დაიწერა?” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანის თქმით, თურქეთის კონსტიტუცია, არაერთი ცვლილების მიუხედავად, 1980 წლის სამხედრო გადატრიალების იდეას ინარჩუნებს. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანას ახალი კონსტიტუცია სჭირდება, რომელიც მოქალაქეების დაწერილი იქნება და არა – აჯანყებულების.
“ახალი კონსტიტუცია ჩვენი თავებისთვის კი არა, ქვეყნისთვის გვჭირდება. არ მაქვს ხელახალი არჩევის ან კენჭისყრაში მონაწილეობის ინტერესი. ჩვენი ერთადერთი ინტერესია, ამ ქვეყანაში სტანდარტები ავამაღლოთ”, – განაცხადა ერდოღანმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი 2003 წელს დაიკავა, ახლა კი პრეზიდენტობის მეორე ვადას ითვლის და არჩევნებში მესამედ მონაწილეობის უფლება არ აქვს. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ერდოღანი სწორედ ამ წესის ცვლილებას ცდილობს.