ესპანეთის მთავრობამ ელექტროენერგიის მასობრივ გათიშვასთან დაკავშირებით საგანგებო კომისიის შექმნის და გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების განკარგულება გასცა.
როგორც ცნობილია, კომისია გამოიკვლევს მიწოდების ჯაჭვში ჩართულ აბსოლუტურად ყველა რგოლს და მოამზადებს დეტალურ ანგარიშს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელმაც ესპანეთსა და პორტუგალიაში დენის შეწყვეტა თითქმის მთელი დღით გამოიწვია.
გამოძიების დაწყების საჭიროებაზე თავად ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელობაც საუბრობს. როგორც Red Eléctrica-ში აცხადებენ, მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ რამ გამოიწვია გათიშვა და რა იყო სისტემის გათიშვის მიზეზი.
ექსპერტების შეფასებით, შესაძლო მიზეზებს შორის განიხილება როგორც კიბერშეტევა, ასევე ავარია, დივერსია და სისტემის კრიტიკულად გადატვირთვა.