„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ოპოზიციური პარტიის, ‘გირჩი – მეტი თავისუფლების’ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიულ ქმედებებთან ერთად, მათ შორის უსაფუძვლო დაკავებები, არის გზა, რომელიც არსად მიდის. ჩვენი სოლიდარობა ზურაბ ჯაფარიძეს!“ — წერია ლიეტუვის საგარეო უწყების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
მსგავსი შინაარსის განცხადება გამოაქვეყნა ლატვიის საელჩომაც საქართველოში. საელჩოს თქმით, ოპოზიციის მიმართ რეპრესიული ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის ღირებულებებთან:
„ლატვიის საელჩო ღრმად შეშფოთებულია ზურაბ ჯაფარიძის დაკავების გამო. რეპრესიული ქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც საელჩომ სოციალური ქსელი „იქსის“ მეშვეობით გაავრცელა.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. “ოცნების” პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ მას ბრალდება წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით — კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
ფოტო: “ნეტგაზეთი”