საქმე ისაა, რომ მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ, გრანტების და პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის საფუძველზე, ანტიკორუფციული ბიურო, სასამართლოს გზით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ბენეფიციარების ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს. ორგანიზაციებისგან მოთხოვნილია ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემა, ვისაც მათი დახმარებით უსარგებლია.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, წლების განმავლობაში საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებდა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რასაც ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოება და ის საჯარო მოხელეები უზრუნველყოფდნენ, რომელთა ნაწილიც სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით გაათავისუფლეს.
“როდესაც საქმე ევროინტეგრაციას ეხებოდა, საქართველო დიდი ხსნის განმავლობაში იყო წინა ხაზზე, რაც, ვფიქრობ, ორი ძირითადი ფაქტორით იყო განპირობებული: 1. პროფესიონალი საჯარო მოხელეების გამო, რომლებიც ერთგულად მუშაობდნენ საქართველოს EU-ში გაწევრიანებისთვის და 2. სამოქალაქო საზოგადოების – ადამიანების, რომლებიც მუშაობდნენ ქვეყნის ყველაზე მოწყვლად რეგიონებში, რათა საქართველო საცხოვრებლად უკეთეს ადგილად ექციათ.
რასაც ბოლო თვეებში ვხედავთ, არის საშინელი წნეხი, პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებასა და საჯარო მოხელეებზე, რომლებსაც რეორგანიზაციის მიზეზით სამსახურიდან ათავისუფლებენ. საქმე ეხება დრაკონულ კანონებს, რომლებიც ორგანიზაციების მუშაობას შეუძლებელს ხდის. ასეთი ორი კანონი გვაქვს. ორგანიზაციებისგან 3 სამუშაო დღეში იმის გამოთხოვა, რას აკეთებდნენ 1.5 წლის განმავლობაში, მათ შორის ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის მოთხოვნა, გაუმართლებელი წნეხია და დასანანია, რომ ეს ძირს უთხრის საქართველოს მცდელობას, გახდეს ევროკავშირის წევრი”, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, რომ კუპრაშვილის მტკიცებით, ინფორმაცია, რომ ბიურომ ბენეფიციარის პერსონალური ინფორმაცია გამოითხოვა, ტყუილია თუმცა, “საქართველოს ევროპული ორბიტის“ დირექტორის, ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამონარიდის თანახმად, ანტიკორუფციულმა ბიურომ ბენეფიციართა ინფორმაცია ნამდვილად გამოითხოვა.