ეს გელა გელაძის საკადრო გადაწყვეტილებებია – შალვა პაპუაშვილი შსს-ში ცვლილებებზე

ეს გელა გელაძის საკადრო გადაწყვეტილებებია – შალვა პაპუაშვილი შსს-ში ცვლილებებზე
ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებები ლოგიკურია და ახალი მინისტრის ხედვასთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ გვყავს ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი და ეს მისი საკადრო გადაწყვეტილებები არის. რამდენიმე ასეთი გადაწყვეტილება ნახეთ, რომელიც მან, როგორც მინისტრმა მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეფექტიანად იმუშაოს. ეს არის სრულად მისი კომპეტენციის ნაწილი. შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს მთავრობის და პარლამენტის ნდობა და რა თქმა უნდა, მისი საკადრო გადაწყვეტილებების მიმართაც გვაქვს ეს ნდობა. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი საკადრო პოლიტიკა გაატაროს, გააძლიეროს ნაწილები, სადაც საჭირო არის. ვნახეთ გადაადგილებები და ა.შ. ასე, რომ ეს ჩვეულებრივი ნაწილია საკადრო გადაწყვეტილებების, რომელიც როგორც წესი, მინისტრების მხრიდან მიიღება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, ვაჟა სირაძის გადადგომა მისი ე.წ. ჩამოქვეითება არ არის.

„რატომ ფიქრობთ, რომ შსს-ში არის მეტნაკლებობა? ხელმძღვანელ თანამდებობაზე არის ყველა. რაც მნიშვნელოვანია მათი გამოცდილებით, რომ სხვადასხვა მიმართულებები გააძლიერონ. ამ გადაწყვეტილებაში როტაციის პრინციპი არის ჩადებული, რაც ასევე აუცილებელია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

28 მაისს “ოცნების” მთავრობის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვახტანგ გომელაურმა დატოვა. მის ნაცვლად მინისტრის თანამდებობაზე გელა გელაძე დაინიშნა. მას შემდეგ შსს-ში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა — ცვლილებებმა, 10-ზე მეტ პოსტს მოიცვა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *