ორგანიზაცია „კულტურა დემოკრატიისთვის“ წარმომადგენლის, ანა რიაბოშენკოს თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებები მშვიდობიანი ხასიათის იქნება და ყველა მოქალაქეზეა ორიენტირებული.
„ამ დღესასწაულის ფარგლებში, საზოგადოების ყველა ის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ერთიანდება და ყველა აკეთებს სხვადასხვა სახის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს გამოფენებს, საბავშვო და შემეცნებით ღონისძიებებს. ეს არის დღე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს“, – განაცხადა რიაბოშენკომ.
მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინკლუზიურობასა და მშვიდობიან გარემოს, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოდ უნდა დარჩეს:
„ეს იქნება მშვიდობიანი დღე, ეს დღე იქნება ყველასთვის, ამიტომ ველოდებით ყველას რუსთაველზე, 26-ში, რათა ერთად აღვნიშნოთ დამოუკიდებლობა, რომელიც ასე სისხლით და წვალებითაა მოპოვებული და რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ“, – თქვა საორგანიზაციო ჯგუფის წევრმა.
ღონისძიებების კონკრეტული განრიგი და ლოკაციები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.