“ეს იყო სასოწარკვეთილი ბიზნესის ფასები” – ჰოტელიერი თბილისში სასტუმროების გაიაფებას ხსნის

“ეს იყო სასოწარკვეთილი ბიზნესის ფასები” – ჰოტელიერი თბილისში სასტუმროების გაიაფებას ხსნის

“ეს იყო სასოწარკვეთილი ბიზნესის ფასები” – ჰოტელიერი თბილისში სასტუმროების გაიაფებას ხსნის

“ეს იყო სასოწარკვეთილი ბიზნესის ფასები“ – ასე აფასებს ჰოტელიერი შალვა ალავერდაშვილი იანვარ-თებერვალში, თბილისში, სასტუმროების მკვეთრ გაიაფებას. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებისკენ სასტუმროების მენეჯერებს ტურისტების ნაკლებობამ უბიძგა.

როგორც „წერტილთან“ ინტერვიუში შალვა ალავერდაშვილმა აღნიშნა, იანვარ-თებერვალში, თბილისში, 3-4-ვარსკვლავიან სასტუმროებში, 2-კაციანი ნომრის ფასი 40-45 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, საუზმის და დღგ-ის ჩათვლით.

„გადარჩენის რეჟიმში ვიყავით და ონლაინ პლატფორმებზე ბაზარს შევთავაზეთ ყველაზე დაბალი ფასი, რათა რაც შეიძლება ნაკლები გვეზარალა იანვარ-თებერვალში, როცა სასტუმროების დატვირთვა ძალიან დაბალი იყო – 50%-ს არ ასცდენია; ასეთი შეთავაზებით შევძელით ისეთი ტურისტების მოზიდვა, ვინც იმ პერიოდში საქართველოში მოგზაურობას არ გეგმავდა.

რა თქმა უნდა, სეზონზე ასეთი ფასები არ დარჩება. ეს იყო სასოწარკვეთილი ბიზნესის ფასი, რათა მაქსიმალურად შეგვემცირებინა ზარალის ოდენობა. მთავარი მიზანი იყო, სასტუმროების მფლობელებს სხვა ბიზნესებიდან ნაკლები ფულის მოტანა დასჭირვებოდათ, რათა სასტუმრო შეენახათ“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

შესაბამისად, ჰოტელიერი არ იზიარებს, სასტუმრო ინდუსტრიის იმ წარმომადგენლების პოზიციას, რომლებიც ბაზარზე დემპინგური ფასების პრობლემას ხედავენ.

„ჩვენ ვართ საბაზრო ეკონომიკა და ყველაფერი უნდა იყოს ღია. ფასებიც ბაზარმა უნდა დაარეგულიროს. ბიზნესს არანაირი ბერკეტი და რეგულაცია არ სჭირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ბიზნესი სხვადასხვანაირია – გვაქვს დიდი და პატარა სასტუმროები. სასტუმროს ნომრის თვითღირებულების დაანგარიშებისას, გასათვალისწინებელია ნომრების რაოდენობა – რაც უფრო დიდია სასტუმრო, მით უფრო ნაკლებია ოთახის თვითღირებულება და შესაბამისად, დიდ სასტუმროებს აქვთ იმის ფუფუნება, რომ ნაკლებ ფასად გაყიდონ ნომრები, განსხვავებით 30-35-ნომრიანი სასტუმროებისა“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

“წერტილთან” ინტერვიუში ჰოტელიერმა ასევე შეაფასა ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი და თქვა, რომ გუდაურისა და ბაკურიანისთვის წლევანდელი სეზონი კარგი იყო და ბიზნესებისთვის შემოსავლიანი, გოდერძსა და სვანეთში კი – პირიქით.

„ძალიან ცუდი ზამთრის სეზონი ჰქონდა მესტიას და გოდერძის კურორტებს. ამ ორ კურორტზე ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ სეზონი ჰქონდა. რამდენიმე გამონათება იყო მესტიაში და მაგით შემოიფარგლნენ. მართალია, კარგ მდგომარეობაში იყო სასრიალო ტრასები და ინფრასტრუქტურა, თუმცა მაგალითად, მესტიას ტურისტი ფიზიკურად არ ჰყავდა“, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება, მიმდინარე მდგომარეობას, „სასტუმროების ფედერაციის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ მარტსა და აპრილში შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო და იმედი აქვთ, რომ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება.

თბილისში სასტუმროების დღიური ფასი შემცირდა, ბათუმში კი გაიზარდა – Galt & Taggart-ის მიმოხილვა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *