“ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი განცხადება არ გაავრცელო” – კობახიძე “ვაიმარის სამკუთხედის” ლი

საკადრო ცვლილებები არის აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენა – ირაკლი კობახიძე
ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო”, – ასე გამოეხმაურა “ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ვაიმარის სამკუთხედის” ქვეყნების ლიდერების, მაკრონის, ტუსკისა და მერცის განცხადებას, რომელშიც ისინი “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიულ ქმედებებს გმობენ.

კობახიძის განცხადებით, მასთან პირად საუბარში მაკრონმა განცხადებისგან განსხვავებული აზრი დააფიქსირა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპაში “დიპ სტეიტის” გავლენებს.

რაც შეეხება ამ სამმხრივ განცხადებას, პირდაპირ ჩანს, რომ ევროპაში მძლავრობს “დიპ სტეიტი”. ჯერ, ყველაფერს რომ თავი დავანებო, ეტიკეტის ამბავია, რომ 26 მაისს ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო. 26 მაისი არის საზეიმო დღე და საზეიმო დღეს, რა თქმა უნდა, მიღებულია საზეიმო წერილების და განცხადებების გაკეთება, ნუ პროტოკოლს და ეტიკეტსაც კი არ იცავენ. აქედან ჩანს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ ობიექტური ინტერესების შესაბამისად და უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესებამება მათ ინტერესებს, რაც არის ძალიან დასანანი.

რაც შეეხება მაკრონს, მე რაც მითხრა მან ალბანეთში, არის თავისი არსით წინააღმდეგობაში განცხადებასთან, რომელიც გავრცელდა. აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები ვერ იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ევროპაში არის ძალიან დიდი გავლენა და შესაბამისად ეს ყველაფერი იწვევს იმ აღრევას, რასაც ყველა ვხედავთ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საფრანგეთის, პოლონეთისა და გერმანიის ლიდერებმა 26 მაისს საქართველოსთან დაკავშირებით საერთო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მათ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა დაადასტურეს და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა დაგმეს.

მანამდე, ირაკლი კობახიძე და ემანუელ მაკრონი ერთმანეთს შეხვდნენ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში, რომელიც ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართა 2025 წლის 16 მაისს. მაშინ კობახიძემ განაცხადა, რომ მხარეები საქართველოში მიმდინარე პროცესების შეფასებაზე შეჯერდნენ და ხედვები იდენტურია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *