“თეგეტასთან” პარტნიორობით, Lamborghini-ს შოურუმი თბილისში უკვე გაიხსნა. იმის შესახებ, თუ როგორ გახდა საქართველო ბრენდის განვითარებისა და გაფართოების სტრატეგიის ნაწილი, Automobili Lamborghini-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფან ვინკელმანმა “ბიზნესის კვირეულთან” ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ხდება დაკვირვება განვითარებადი ბაზრების პოტენციალზე, საქართველო კი ამ მიმართულებით კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
“მსოფლიო ავტომობილების ბაზარი დაახლოებით 80 მილიონ ავტომობილს ითვლის ყოველწლიურად, საიდანაც სუპერსპორტული, მდიდრული ავტომობილების სეგმენტი დაახლოებით 120-130 ათას მანქანას მოიცავს. ჩვენი წარმატებისათვის აუცილებელია გლობალური ყოფნა, რადგან ერთ ბაზარზე დამოკიდებულება საკმარისი არ არის. ჩვენ ვყიდით ძალიან ცოტა ავტომობილს მსოფლიო მასშტაბით, ამიტომ არ შეგვიძლია მხოლოდ ერთ ბაზარზე ორიენტირება.
მართალია, იტალიურობა ჩვენი დნმ-ის ნაწილია, მაგრამ Lamborghini-ის ბრენდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყვართ. ყველა მდიდრული ბაზრის ერთობლიობა ქმნის საკმარის ბაზარს იმისათვის, რომ ჩვენი წარმატება გაგრძელდეს. ამიტომაც, თუ გვსურს წარმატება, გლობალურად უნდა ვიყოთ წარმოდგენილნი. ამ ბაზრებს შორის ყველაზე დიდია რა თქმა უნდა აშშ, ევროპული ქვეყნები, ასევე აზიაში – იაპონია, სამხრეთ კორეა და ჩინეთი. ჩვენ ვაკვირდებით განვითარებად ბაზრებს, მათ პოტენციალს, და როდესაც გარკვეულ ზღვარს ვხედავთ, ვიწყებთ პარტნიორების ძიებას. საქართველო სწორედ ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს”,- განაცხადა შტეფან ვინკელმანმა.