„თიბისი კაპიტალის“ სექტორული კვლევის მიხედვით, საქართველოში ლუდის წარმოება იზრდება, თუმცა ნელი ტემპით. ზრდის მხრივ ბოლო წლებში 2024 წელი ყველაზე ნელი აღმოჩნდა, რადგან გასულ წელს წარმოება წლიურად მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და 127 მილიონი ლიტრი შეადგინა.
“ეფეს საქართველოს” კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ამბობს, რომ ადგილობრივი და იმპორტირებული ლუდის მოცულობა თიბისი კაპიტალის მონაცემებს ჩამორჩება და შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციიდან გამომდინარე ჯამში 133 მილიონ ლიტრს შეადგენს. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის შეფასებით, ლუდის ბაზარი დინამიკურად იზრდება და მოლოდინია, რომ მოხმარების ზრდასთან ერთად ბაზარი წელს კიდევ 1-2%-ით გაიზრდება.
“თიბისი კაპიტალის მონაცემებით დაახლოებით 13%-ია იმპორტირებული ლუდი, რაც იმას ნიშნავს, რომ 87% ადგილობრივად წარმოებული ლუდია, რაც ადასტურებს იმას, რომ ლუდის ინდუსტრია ადგილობრივად მოთხოვნად პროდუქციას აწარმოებს.
ციფრები, რომელიც წარმოების მოცულობას ასახავს, არის ოდნავ იმაზე მაღალი, ვიდრე შემოსავლების სამსახურიდან აქციზური ინფორმაციის საფუძველზე გვაქვს მიღებული. ჩვენი შეფასებით, ეს არის დაახლოებით 133 მილიონი ლიტრი ჯამში როგორც ადგილობრივი წარმოება, ისე იმპორტირებული და ეს არის აქციზებიდან მიღებული ინფორმაცია, რაც არის ყველაზე ზუსტი ინფორმაცია.
რაც შეეხება ზრდის ტენდენციას, 2021-2022-2023 წლები არის ზრდადი. მაგალითად 2022 წელს ჩვენ გვქონდა ორნიშნა, 10%-იანი ზრდა. ჯამში დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში გვაქვს 15%-იანი ზრდა. გასულ წელს დაფიქსირებულ 1%-იან ზრდაში ბევრი ფაქტორია მონაწილე, მათ შორის ინფლაციური პროცესები, რომელიც ზოგადად როგორც ქვეყანაში, ისე ნედლეულის ბაზრებზე არსებობდა და რამაც გამოიწვია პროდუქციის გაძვირება. ფასის ელასტიკურობის გამო შემცირდა მოხმარება. არ გამინუსდა, თუმცა არ გაიზარდა იმ რაოდენობით, რასაც ველოდებოდით.
ზოგადად ლუდის ბაზარი დინამიკურად იზრდება და როგორც წესი მიყვება ეკონომიკურ ზრდას. წინასწარი შეფასებით ლუდის ინდუსტრია 2%-ით გაიზრდება წელს. წლების წინ რადიკალური ზრდის შემდეგ, 1-2%-იანი დინამიკური ზრდა მისაღებია ჩვენთვის და ასეც გვაქვს დაგეგმილი საინვესტიციო გეგმები. ჩვენი მოლოდინია, რომ 135 მილიონ ლიტრამდე უნდა ავიდეს ბაზარი“,-აცხადებს BM.GE-სთან ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.
თიბისი კაპიტალის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს წარმოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ დაფიქსირებულა, საშუალო საცალო ფასების ზრდამ საქართველოში წარმოებული ლუდის ღირებულების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და გასულ წელს 8%-იანი ზრდის შედეგად 334 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან, საქართველოში წარმოებული ლუდის საშუალო საცალო ფასი ბოლო წლებში სტაბილურად იზრდებოდა და ლუდზე 10%-იანი ინფლაციის გავლენით გასული წლის მდგომარეობით ლიტრზე 2,8 ლარს შეადგენს.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ლუდზე მოთხოვნის უმეტესი ნაწილი ადგილობრივი წარმოების ლუდით კმაყოფილდება, თუმცა იზრდება მოთხოვნა იმპორტირებულ ლუდზეც. ჯამში გასულ წელს საქართველოში 138 მილიონი ლიტრი ლუდი მოიხმარეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ლუდის ექსპორტში ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა, 2024 წელს ექსპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად 15%-ით შემცირდა. გასულ წელს 15,5 მილიონი ტონა ლუდის იმპორტი განხორციელდა, ექსპორტი კი 6 მილიონ ტონამდე იყო. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები საქართველოსთვის იმპორტის მხრივ გერმანია, რუსეთი და თურქეთი არიან, საქართველოდან კი ლუდის იმპორტი ძირითადად ყაზახეთში, სომხეთში და რუსეთში ხორციელდება.