„ველოდებით რომ წლევანდელი სეზონი ბათუმში გასული წლების მსგავსად ჩაივლის“ – დოჭვირი

„ველოდებით რომ წლევანდელი სეზონი ბათუმში გასული წლების მსგავსად ჩაივლის“ – დოჭვირი
ტურისტული კომპანია Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერის ქეთი დოჭვირის თქმით, წელს ბათუმში ტურისტებს უმეტესად ისრაელიდან, მეზობელი და არაბული ქვეყნებიდან ელოდებიან. როგორც დოჭვირმა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, ზამთარში ტურების მასიური გაუქმების შემდეგ, წინა საზაფხულო სეზონზე ჯავშნების ნაწილი აღდგა აზიური ბაზრებიდანაც.

„ველოდებით რომ წლევანდელი სეზონი ბათუმში ისე ჩაივლის როგორც წინა წლებში. უკვე ვხედავთ ტურისტების გარკვეულ რაოდენობას ქალაქში, თუმცა ტენდენციაა ის, რომ კონკრეტული ქვეყნებიდან დომინირებენ ტურისტები. ესენია ისრაელი, მეზობელი ქვეყნები, გარკვეული წილი არაბულ ქვეყნებზე მოდის და არის სლავური ქვეყნებიდან რუსულენოვანი ტურისტი, თუმცა რთულია იდენტიფიცირება ვინ ტურისტია და ვინ უკვე აქ მცხოვრები” – განაცხადა დოჭვირმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარკეტინგული აქტივობები იგივე ქვეყნებში ხორციელდება, როგორც ადრე, სარეკლამო კამპანიებში ინფლუენსერების წილი გაიზარდა.

„ამ მოცემულობით ვერ ვიტყვით, რომ წინსვლას უნდა ველოდოთ წელს, ჩვენი კოლეგების და ჩვენი მაგალითის გათვალისწინებით ვამბობ, რომ ზამთარი იყო უმძიმესი, უამრავი გაუქმება გვქონდა, საოცრად რთული ვითარება, ტურიზმი კი სენსიტიური სფეროა, რაზეც დაძაბულობა მოქმედებს. არის ქვეყნები, სადაც დაცულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, ჩვენ აზიურ ქვეყნებთან ვმუშაობთ და მათთვის უსაფრთხოების გარანტიები უმნიშვნელოვანესია. რამდენიმეთვიანი ჩავარდნის შემდეგ ჩვენ შევძელით, რომ აღგვედგინა ეს ბაზარი, თუმცა ჯერ არ ვიცით, რა იქნება. ამ სიტუაციაში შეუძლებელია რამე გეგმა დავსახოთ“, – დასძინა Wonderland-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *