ქართული მეღვინეობა „ვინივერია“ 2025 წელს ახალი საექსპორტო ბაზრებზე გასვლისთვის მუშაობს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ზვიად გურაშვილმა BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მიმდინარე წელს ბრენდის სტრატეგიული მიმართულება ექსპორტზე ორიენტირება იქნება.
„ჩვენი კომპანია 20 წლის გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში მეღვინეობა უწყვეტად ვითარდებოდა – დავიწყეთ 4 სახეობით, ხოლო დღეს უკვე 18 სხვადასხვა სახეობის ღვინო, 2 სახეობის პეტნატი და ჭაჭა გვაქვს წარმოებაში. წლიდან წლამდე ვიზრდებით, ვავითარებთ ახალ ხაზებს. მაგალითად, წელს ცქრიალა ღვინის წარმოების დაწყებასაც ვგეგმავთ“, – ამბობს გურაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „ვინივერია“ საკუთარ ვენახებს არ ფლობს – წარმოებისთვის ნედლეულს სხვადასხვა რეგიონიდან, მეგობარი ფერმერებისგან იბარებს, რაც კომპანიას მრავალფეროვანი ასორტიმენტის შექმნის შესაძლებლობას აძლევს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, გასულ რთველში პირველად წარმოადგინეს ევროპული და კახური ჯიშების კუპაჟი (რამდენიმე ჯიშის ერთმანეთში შერევა) – შარდონე, სოვინიონ ბლანი და კახური მწვანე.
მეღვინეობის დამფუძნებლის განმარტებით, ამ ეტაპზე კომპანია უკვე 20-მდე ქვეყანაში ოპერირებს. განსაკუთრებით წარმატებულია გაყიდვები ნორვეგიასა და ბელგიაში, ხოლო ახლახან აშშ-ში ახალი პარტნიორი მოიპოვეს და იმედოვნებენ, რომ გაყიდვები ამ ბაზარზე გაეზრდებათ. ამასთან, აქტიურად მუშაობენ პოლონეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზე შესვლისთვის.
„საწყის ეტაპზე, თითოეულ ახალ ბაზარზე სავარაუდოდ 1 კონტეინერის მოცულობით გავალთ. ზოგადად, ჩვენი ღვინის საექსპორტო ფასი დაახლოებით $5.5-ია ბოთლზე. ექსპორტის წილი მთლიან გაყიდვებში დაახლოებით 60-70%-ია. თუმცა, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ადგილობრივი ბაზარიც და ამ ნაწილშიც აქტიურად ვმუშაობთ“, – აღნიშნა გურაშვილმა.