ვინ არის კანადის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, მარკ კერნი?

ვინ არის კანადის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, მარკ კერნი?
ინგლისის ბანკის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მარკ კერნიმ, კანადის საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვა და ქვეყნის შემდეგი პრემიერ-მინისტრი გახდება. ის პოზიციაზე ჯერ კიდევ გასულ თვეში, მას შემდეგ დაინიშნა, რაც ლიბერალური პარტიიდან მისი წინამორბედი, ჯასტინ ტრიუდო გადადგა, თუმცა კერნიმ დანიშნა არჩევნები, რომელიც კანადაში 28 აპრილს გაიმართა.

მარკ კერნი 300 წლის განმავლობაში პირველი არაბრიტანელი იყო, რომელმაც ინგლისის ცენტრალურ ბანკში წამყვანი პოზიცია დაიკავა. მანამდე მან, როგორც კანადის ბანკის მმართველმა, წარმატებით გაართვა თავი 2008 წლის ფინანსურ კრიზისსაც.

მარკ კერნი ირლანდიისა და კანადის ორმაგი მოქალაქეა. 2018 წელს მან ბრიტანეთის მოქალაქეობაც მიიღო, თუმცა, როგორც კანადის პრემიერ-მინისტრი, აპირებს, რომ მხოლოდ კანადის მოქალაქეობა დაიტოვოს. კერნიმ დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, 1995 წელს კი ეკონომიკის დოქტორის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტმა მიანიჭა.

2003 წელს დატოვა კერძო სექტორი და კანადის ბანკის მმართველის მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ კი ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელის უფროს თანაშემწედ.

2007 წელს, 42 წლის ასაკში, კანადის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელად დაინიშნა, გლობალურ ეკონომიკურ კრიზისამდე რამდენიმე თვით ადრე. კერნის მიდგომამ ქვეყანას მნიშვნელოვანი კრიზისი აარიდა. მისი პოლიტიკა იყო, რომ საპროცენტო განაკვეთი, დრამატულად შემცირების შემდეგ, დაბალ ნიშნულზე მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში დაეტოვებინა, რაც ბიზნესებს ინვესტიციის განხორციელების საშუალებას მისცემდა. იგივე მიდგომა ჰქონდა მოგვიანებითაც, ინგლისის ბანკის ხელმძღვანელობისას. მარკ კერნის სახელს უკავშირდება ბანკის მოდერნიზებაც.

60 წლის კერნი მთავრობაში მმართველ პოზიციაზე მოსვლას არ გეგმავდა, თუმცა შშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებულმა სატრიფო ომმა მისი ეს მიდგომა შეცვალა: საბანკო სფეროში მიღებული გამოცდილებით, კერნს სჯერა, რომ ერთადერთია, ვისაც ტრამპის სატარიფო პოლიტიკასთან გამკლავება შეუძლია – სწორედ ამ პრინციპზე იყო აგებული მისი 5-კვირიანი წინასაარჩევნო კამპანიაც, რომელსაც კერნი ოპოზიციური, კონსერვატიული პარტიის კანდიდატის, პიერ პოლილიევრეს წინააღმდეგ მართავდა.

“განსხვავებით პიერ პოილივრესგან, მე აქამდე უკვე მიმარტავს ბიუჯეტი, ეკონომიკები, კრიზისები… ახლა გამოცდილების დროა და არა – ექსპერტიმენტების”, – განაცხადა კანადის პრემიერმა გასულ კვირას.

მას შემდეგ, რაც კერნმა ტრიუდო ჩაანაცვლა, პრემიერის მანდატით უკვე გააუქმა მომხმარებლისთვის დაწესებული ნახშირბადის გადასახადი და კაპიტალზე მოგების გადასახადი – ორი საგადასახადო ფორმა, რომელსაც კანადის მოსახლეობა უარყოფითად აფასებდა.

საყოველთაო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კანადის არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებს არასდროს დაუხრის თავს.

“როგორც თვეებია გაფრთხილებთ, ამერიკას ჩვენი მიწა, ჩვენი რესურსები, ჩვენი წყალი, ჩვენი ქვეყანა სურს. ეს მხოლოდ უსუსური მუქარა არ არის. პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს დაგვარბიოს, რათა ამერიკამ ჩვენზე იბატონოს. თუმცა ეს არასდროს მოხდება. ამერიკისგან მიღებულ შოკს დავივიწყებთ, თუმცა მიღებულ გაკვეთილებს არასდროს. ჩვენ ჩვენს თავებსა და, უპირველეს ყოვლისა, ერთმანეთს უნდა მივხედოთ”, – განაცხადა კანადის ახალმა პრემიერ-მინისტრმა შედეგების გამოცხადების შემდეგ.

კანადის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 172 მანდატის მიღებაა საჭირო. 28 აპრილის არჩევნებში, ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ გამოიკვეთა, რომ ლიბერალურმა პარტიამ 168 მანდატი მიიღო, კონსერვატიულმა პარტიამ – 144.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *