არჩევნების მეორე ტური იმდენად დაძაბული იყო, რომ ეგზიტპოლების შედეგად, გამარჯვება ორივე კანდიდატმა იზეიმა. საერთო ჯამში, არჩევნები საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, რადგან ხმის მისაცემად საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა 72.8% გამოცხადდა. ახალი პრეზიდენტი მუშაობას აგვისტოდან დაიწყებს, როცა პოლონეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ანჟეი დუდას მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა დაუმთავრდება. პოლონეთში გადაწყვეტილებებს უმეტესწილად პრემიერ-მინისტრი იღებს, მაგრამ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის წარმართვის და კანონპროექტებზე ვეტოს დადების უფლება აქვს.
მაშ, ვინ არის კაროლ ნავროცკი და როგორ გაიმარჯვა მან საპრეზიდენტო არჩევნებში? 42 წლის ნავროცკი პოლიტიკაში ახალი ფიგურაა, რომელსაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამ დრომდეც იცნობდნენ. ის პროფესიით ისტორიკოსია და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, როგორც პოლონეთის ისტორიული არქივების დაცვაზე და ტოტალიტარული რეჟიმების დანაშაულთა კვლევაზე ორიენტირებულ “ნაციონალური მეხსიერების ინსტიტუტს”, ასევე მსოფლიო ომის მუზეუმს, რა დროსაც სახელი საბჭოთა მონუმენტების დემონტაჟით გაითქვა, რისთვისაც რუსეთისგან კრიტიკა დაიმსახურა.
კაროლ ნავროცკის საპრეზიდენტო კამპანია ტრადიციულ კონსერვატორულ ღირებულებებს ეფუძნებოდა, მათ შორის ტრადიციების დაცვას, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებას და სუვერენულ განვითარებას. ახალი პრეზიდენტის კამპანიის მთავარი მესიჯები ტრადიციული ოჯახის დაცვის საჭიროება, რელიგიური ღირებულებების შენარჩუნება და ევროკავშირის ზედმეტი ჩარევის შეზღუდვა იყო. მის წინასაარჩევნო გზავნილებში არაერთხელ გაჟღერდა ევროსკეპტიკური რიტორიკა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვა როგორც ეკონომიკურ, ისე იდეოლოგიურ ასპექტში.
საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი აწ უკვე პრეზიდენტად არჩეულმა ნავროცკიმ პოლონეთის მემარჯვენე “კანონი და სამართლიანობისგან” იყარა, რომელიც 2015-2023 წლებში პოლონეთის მმართველი ძალა იყო. პოლიტიკაში მოსვლით ნავროცკიმ დონალდ ტუსკის ლიბერალური მთავრობით უკმაყოფილო ამომრჩევლები გააერთიანა. პარტიასთან ერთად, ნავროცკის მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღუთქვა, რაც მსგავსი კონსერვატორული შეხედულებებით აიხსნება.
კაროლ ნავროცკის პრეზიდენტად არჩევა პოლონეთისთვის ერთგვარი ნიშანსვეტია, რადგან 42 წლის ნავროცკი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია პოლონეთის უახლეს ისტორიაში და ამავდროულად პირველი პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკაში მოსვლამდე პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებში ნავროცკიმ მხოლოდ მცირე უპირატესობით მოიგო, ქვეყნის შიგნით ის არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. ნავროცკის გაპრეზიდენტება, შესაძლოა, დაემთხვას საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დაპირისპირების პერიოდს, რამაც, შესაძლოა, ქვეყნის დროებითი პარალიზება წარმოშვას.
კაროლ ნავროცკის გაპრეზიდენტება მიუთითებს არა მხოლოდ პოლიტიკურ ცვლილებაზე, არამედ ღირებულებით დაპირისპირებაზე, რომელიც თანამედროვე პოლონეთში — და მთელ ევროპაში — სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. კაროლ ნავროცკის მმართველობის წლები იქნება გამოცდა როგორც ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის, ისე რეგიონის და მთელი მსოფლიოს გეოპოლიტიკური ბალანსისთვის.