ვინ არის რევაზ ნადარაია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს?

ვინ არის რევაზ ნადარაია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ აირჩიეს?
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩევა.

იქამდე ის 3 აპრილს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნა. რევაზ ნადარაიამ ხვიჩა კიკილაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც თანამდებობა, მისივე განცხადებით, საკუთარი სურვილით დატოვა.

თავმჯდომარის თანამდებობას მანამდე მერაბ ტურავა იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილება 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა.

მისი საქმიანი ბიოგრაფია ასეთია:

45 წლის მოსამართლე 2021 წლიდან უზენაეს სასამართლოში უვადოდ იყო განწესებული. სასამართლო საკვალიფიკაციო გამოცდა კი, წინა ხელისუფლების პირობებში 2007 წელს აქვს ჩაბარებული.

რაც შეეხება განათლებას, მან 2001 წელს დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

რევაზ ნადარაიას უზენაეს სასამართლოში დანიშვნას პარლამენტმა მხარი იმ პერიოდში დაუჭირა, როცა 19 აპრილის შეთანხმება მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდა.

მოსამართლეების დანიშვნას ბოიკოტს უცხადებდნენ ოპოზიციის დეპუტატები, სახალხო დამცველი და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები.

  • 2002-2005 წლებში მუშაობდა “ადვოკატთა კავშირი XXI”- ში ადვოკატად.
  • 2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.
  • 2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
  • 2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში.
  • 2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  • 2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
  • 2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
  • 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.
  • 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
  • 2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
  • 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
  • 2019 წლის ოქტომბრიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი.
  • 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *