იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ რევაზ ნადარაია აირჩია.
ნადარაიამ ხვიჩა კიკილაშვილი ჩაანაცვლა. კიკილაშვილმა თანამდებობა, მისი თქმით, საკუთარი სურვილით დატოვა.
ვინ არის რევაზ ნადარაია?
45 წლის მოსამართლე 2021 წლიდან უზენაეს სასამართლოში უვადოდ იყო განწესებული.
2019 წლიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი; 2017-2020 წლებში იყო იუსტიციის საბჭოს წევრი. მანამდე ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობდა, უფრო ადრეულ წლებში კი – თბილისის და ფოთის სასამართლოებში.
მან 2001 წელს დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია. 2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.
- ნადარაია 2009-2010 წლებში იყო ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ფოთის საქალაქო სასამართლოში.
- 2010-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
- 2012-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
- 2016 წლის თებერვლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
- 2016-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე.
- 2017-2018 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.
- 2018-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.
- 2017-2020 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
- 2019 წლის ოქტომბრიდან არის საპროკურორო საბჭოს წევრი.
- 2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ.