ვინ აღმოჩნდა მართალი? ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? – ილია თოფურია ისლამ მახაჩევზე

ვინ აღმოჩნდა მართალი? ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? – ილია თოფურია ისლამ მახაჩევზე

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ ესპანეთში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ორგანიზაციის მსუბუქი დივიზიონის (70კგ) უკვე ყოფილი ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის შესახებ ისაუბრა.

თოფურიამ აღნიშნა, რომ მახაჩევმა თავისი სიტყვა არ შეასრულა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლას თავი აარიდა.

„ისლამმა განაცხადა, რომ დივიზიონის ქამარს არ დათმობდა. მე მსუბუქ წონაში იმისთვის არ გადავედი, რომ ვინმეს რაღაც ვთხოვო – გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. მითხარით, ვინ გააკეთა ის, რაც თქვა? ვინ აღმოჩნდა მართალი? როდესაც ქამარს მოვიპოვებ, მას შეუძლია, რიგში ჩადგეს. ეს რიგი საკმაოდ გრძელია“, – განაცხადა თოფურიამ.
ილია თოფურია მსუბუქ წონაში სადებიუტო ბრძოლას პირდაპირ საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს. UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა მიმდინარე კვირაში ოფიციალურად დაადასტურა, რომ „ელ მატადორი“ ვაკანტური ქამრისთვის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება. ბრძოლა ლას ვეგასში 29 ივნისს ჩატარდება.

რაც შეეხება ისლამ მახაჩევს, UFC 315-ის დასრულების შემდეგ მან დაწერა, რომ ორი დივიზიონის ჩემპიონობას აპირებდა. საბოლოოდ, მან მსუბუქი წონა დატოვა და წლის ბოლოს ქვემსაშუალო დივიზიონის (77კგ) საჩემპიონო შეხვედრას ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენასთან ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია გასულ წელს ქვემსუბუქი წონის (65გ) ჩემპიონი გახდა და ქამარი წარმატებითაც დაიცვა. 2025 წლის თებერვალში კი დივიზიონი დატოვა და ახალ წონაში გადავიდა. მან აღნიშნა, რომ პირველივე ბრძოლა საჩემპიონო ექნებოდა.

ამჟამად 28 წლის მებრძოლს კარიერაში 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც ყველა მოიგო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *