ვინ გახდება ახალი პაპი – კონკლავი დღეს შეიკრიბება

ვინ გახდება ახალი პაპი – კონკლავი დღეს შეიკრიბება

კათოლიკური ეკლესიის კარდინალები 7 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის ასარჩევად შეიკრიბებიან. 

ახალ პაპს 133 კარდინალი აირჩევს. მათგან 108 ალისფერ კაბაში პაპმა ფრანცისკემ შემოსა. კონკლავის ამჟამინდელი შემადგენლობა ისტორიაში ყველაზე მრავალფეროვანია. მხოლოდ მათ აქვთ უფლება გადაწყვიტონ, თუ ვინ უხელმძღვანელებს კათოლიკურ ეკლესიას, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1,4 მილიარდი წევრი ჰყავს.

თავად კონკლავი ადგილობრივი დროით 16:30 საათზე, მე-15 საუკუნის სიქსტეს კაპელაში შეიკრიბება. ამასთან, ხმის მიცემა არაერთხელ რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელებულა. უცნობია, შეძლებს თუ არა კონკლავი გადაწყვეტილების პირველივე დღესვე მიღებას.

პროგნოზირება იმისა, თუ ვინ იქნება ახალი პაპი წინასწარ ფაქტობრივად შეუძლებელია, მაგრამ მედიაში არსებობს 22 კარდინალისგან შემდგარი ერთგვარი სია, რომლებშიც ის კარდინალები ერთიანდებიან, რომელთაც პაპობისთვის შესაფერისი თვისებები აქვთ, მათ შორის მოწყალება და თავმდაბლობა, ურყევი რწმენა და სიკეთის ქმნისა და გავრცელებისკენ სწრაფვა. საინტერესოა, რომ ამ ტიპის სიაში წინა წლებში ვერ მოხვდა ფრანცისკე, რადგან ბევრი ადამიანის შეფასებით პაპობისთვის ის ზედმეტად ასაკიანი იყო.

ამ დროისთვის, ახალი პაპის კანდიდატებს შორის რამდენიმე კარდინალის გამორჩევა შეიძლება, მათ შორისაა:

[1] ჟან მარკ აველინი — 66 წლის ფრანგი კარდინალი, რომელიც მიგრანტების მხარდაჭერით და რელიგიათაშორისი დიალოგებისადმი მიდრეკილებითაა ცნობილი. აველინი პაპ ფრანცისკეს რჩეულ კანდიდატად ითვლება;

[2] ჯოზეფ ტობინი — პროგრესული პოზიციებით 72 წლის ამერიკელი კარდინალი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს რომის LGBTQ+ საზოგადოებას და ეთანხმება კათოლიკურ ეკლესიაში ქალთა როლის გაზრდას;

[3] ხუან ხოსე ომელა — პაპ ფრანცისკეს 79 წლის ესპანელი მრჩეველი, რომელიც აბორტის საწინააღმდეგო მკაფიო პოზიციებით გამოირჩევა.

[4] პიეტრო პაროლინი — 70 წლის იტალიელი კარდინალი, რომელიც 2013 წლიდან ვატიკანის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებს. პაროლინი პოლიტიკურ საკითხებში კარგად ჩახედული გამოცდილი დიპლომატია.

[5] პეტერ ერდო — კონსერვატორული შეხედულებების მქონე 72 წლის უნგრელი კარდინალი, რომელიც ოჯახის ტრადიციული ფასეულობების დაცვის მკაცრი პოზიციით არის ცნობილი.

გადაწყვეტილების მიღების შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყარო არის კვამლი, რომელიც სიქსტეს კაპელის ზემოთ მდებარე ბუხრიდან ხმის მიცემისა და ბიულეტენის დაწვის შემდეგ გამოდის. თუ კვამლი შავია, ეს ნიშნავს, რომ კონკლავმა გამარჯვებულის გამოვლენა ვერ შეძლო და კენჭისყრა გრძელდება. თუ საკვამურიდან თეთრი კვამლი გამოდის, ეს ახალი პაპის არჩევის ნიშანია.

რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანცისკე კათოლიკურ ეკლესიას 2013 წლიდან მართავდა. ის 26 აპრილს რომში დაკრძალეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *