ვინ/როგორ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე? – სრული სია

ვინ/როგორ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე? – სრული სია
დღეს, 27 მაისს „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლეგას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. როგორც წესი, საელჩო ოფიციალური განცხადებების და მისალოცი წერილებს და თარგმანს ოფიციალურად მეორე დღეს აქვეყნებს.

იქამდე, 26 მაისი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქართველ ხალხს მიულოცა.

სადავო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შედეგად, განსხვავებული იყო მისალოცი წერილები 2025 წლის დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავისთვის. ქვეყნების და საელჩოების ნაწილი ქარტველ ხალხს, ნაწილი კი, “ოცნების” პრემიერს და პრეზიდენტს ულოცავდა.

bm.ge გთავაზობთ სრულ სიას, რომელი ქვეყნის ლიდერებმა და საელჩოებმა როგორ მიულოცეს საქართველოს ყველაზე დიდი დღესასწაული.

მილოცვები საქართველოს და ქართველ ხალხს

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე 26 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუბო აღნიშნავს, რომ ოცდაათ წელზე მეტია მეგობრობა და პარტნიორობა შენდებოდა დემოკრატიის საერთო ფასეულობების, სუვერენიტეტის და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საფუძველზე:

„ამ დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქართველი ხალხის სიძლიერესა და გამძლეობას და ჩვენს მყარ კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია“.

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი

„ევროკავშირი კვლავ აგრძელებს თქვენ გვერდით მტკიცედ დგომას თქვენი ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლის ასაშენებლად “.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

“ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი.

უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან. ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში…

და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების – ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე. მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება უკრაინას”!

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III

მაშინ, როცა ქართველი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, მე და ჩემი მეუღლე სიხარულით გიგზავნით ჩვენს ყველაზე გულთბილ მილოცვებს. მოუთმენლად ველი ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო მეგობრობისა და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას. მე და ჩემი მეუღლე დიდი სიამოვნებით ვუსურვებთ ყველა ქართველს საუკეთესო სურვილებს“.

თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლობა

„დღეს საქართველოს ყველა მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ. გაქვთ საფუძველი იამაყოთ იმით, რომ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საუკუნოვანი მემკვიდრეობა შეინარჩუნეთ და ბოლო 34 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ”, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკის მილოცვის ტექსტში.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცისა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ერთობლივი განცხადება

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს, მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილი გავუგზავნოთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის წევრობის სურვილს. ამიტომ, ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რასაც დემოკრატიული უკუსვლა და სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მთავრობის ოპონენტების წინააღმდეგ თავდასხმები მოყვება. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები გამოძიებულ უნდა იქნას. უნდა შეიცვალოს კანონები, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება და ხელახლა უნდა დაიწყოს ასე საჭირო „რეფორმების პროცესი“. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აღადგინოს დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ჩამოერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები“.

სომხეთის ელჩი, აშოტ სმბატიანი

„გულითადად ვულოცავ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მშვიდობას, ერთიანობას, სიძლიერესა და კეთილდღეობას! ჩვენს ორ ხალხს ბევრი საერთო ღირებულება აკავშირებს, რომელთაგან ყველაზე ძვირფასი სამშობლოს სიყვარული და თვითმყოფადობის შენარჩუნებაა. კიდევ ერთხელ ვულოცავ მოძმე საქართველოს და მხოლოდ და მხოლოდ წინსვლას ვუსურვებ! პატივისცემით, აშოტ სმბატიანი“.

მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი

„ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მამაც ხალხს. მოლდოვა ყველას გვერდით დგას, ვისაც სწამს თავისუფლების, ღირსებისა და ევროპული მომავლის. ჩვენი გზა შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს, მაგრამ ღირს მათი გავლა, ერთად … ქართველი ხალხის სიძლიერის პატივსაცემად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს რესპუბლიკის ორდენს – მოლდოვას უმაღლეს ჯილდოს – გადავცემთ. მისი ლიდერობა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება ყველას შთაგვაგონებს“.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგე

„ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე საქართველო!“

პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში

„…ჩეხეთი აგრძელებს თქვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. თქვენ იმსახურებთ დემოკრატიულ და მშვიდობიან მომავალს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ! გაგიმარჯოს, საქარტველო.“

ანე ტოფტ სორენსენი, დანიის ელჩი საქართველოში

„გილოცავთ ყველა ქართველს დამოუკიდებლობის დღეს! დანია აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. თავისუფლება არ შეიძლება ჩაითვალოს გარანტირებულ მოცემულობად“.

შვედეთის საელჩო თბილისში

„ძვირფასო ქართველებო, გულითადად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! შვედეთი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მტკიცე მხარდამჭერად. ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მხარს ვუჭერთ მის ევროპულ მისწრაფებებს“.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ვულოცავთ საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! 180 დღის განმავლობაში თქვენ მტკიცედ დგახართ ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის. თქვენი ხმა ისმის და ის შთააგონებს ყველას, ვისაც სჯერა თავისუფლებისა და ერთიანობის ძალის. დღეგრძელი იყოს ევროპული საქართველო!“

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს! ბულგარეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის მიმართ, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს დიდი ხნის მეგობრულ კავშირებს“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

„ესტონეთი ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველს გულწრფელად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“.

მისალოცი წერილები მიხეილ ყაველაშვილს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

„ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს“, — ნათქვამია მისალოც წერილში.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი

„ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსურს, გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს.

ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთ პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებმა პროგრესი განიცადა, გაღრმავდა პოლიტიკური კავშირები და გაძლიერდა სტრატეგიული თანამშრომლობა.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს და მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყოველივე საუკეთესოს. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – ბედნიერებას“.

უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, გამოვხატო პატივისცემა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

უნგრეთი კვლავაც მზადაა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობისთვის, ურთიერთხელსაყრელი განვითარებისა და ახალი მიმართულებების გაფართოებისთვის. გარწმუნებთ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.

ნება მომეცით, კვლავ დაგიდასტუროთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა,“ – ნათქვამია შუიოკის მისალოც წერილში.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლომეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომელიც ემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ მეგობარ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“.

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი

„ბატონო პრეზიდენტო, ხორვატი ხალხისა და ჩემი სახელით, გულთბილად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ წარმატებას, წინსვლასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს მოქალაქეებს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ხორვატიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მომავალში უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.

გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას,“ – ნათქვამია მილანოვიჩის მისალოც წერილში.

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე

„ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება. ჩვენი ოჯახისთვის პატივია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება ვუსურვოთ“, – ნათქვამია ჩარლზ მესამის მისალოც წერილში.

ესპანეთის მეფე ფილიპე

„საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად, მსურს ესპანეთის ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მილოცვა გადმოგცეთ. ბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები, როგორც პირადი კეთილდღეობის, ასევე საქართველოს ძვირფასი მოსახლეობის მშვიდობისა და წინსვლისათვის“, – ნათქვამია მეფე ფილიპეს მისალოც წერილში.

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერ კლაუს გეორგ ფერდინანდი

„საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, გთხოვთ მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის,“ – ნათქვამია ნიდერლანდების მეფის მისალოც წერილში.

გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ოცნების პრეზიდენტს და პრემიერს ერთი განცხადებით მიულოცეს

„პრეზიდენტმა, მისმა უდიდებულესობა შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

ასევე პრეზდენტ ყაველაშვილსა და პრემიერ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა მისმა უდიდებულესობამ, ვიცე-პრეზიდენტმა – პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტოუმ და ასევე მისმა უდიდებულესობამ, ვიცე პრეზიდენტმა, ვიცე პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ შეიხ მანსოურ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა“.

დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილები ირაკლი კობახიძეს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი:

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით გულითადად გილოცავთ თქვენ და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები, რომლებსაც სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ისევე როგორც ამჟამად, მომავალშიც განაგრძობენ ერთობლივ ძალისხმევას რეგიონის წარმატების, სტაბილურობისა და აღორძინების მისაღწევად.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარი საქართველოს ხალხს – კეთილდღეობა“.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი ციანი:

“მინდა, გულითადად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ თქვენ და საქართველოს მთავრობას. ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს, ხოლო ორმხრივი თანამშრომლობა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში ნაყოფიერია. მზად ვარ, თქვენთან ერთად

საერთო ძალისხმევის გასაგრძელებლად, რათა უზრუნველვყოთ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის მყარი წინსვლა და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები. საქართველოს კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს ბედნიერებას ვუსურვებ”.

ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექტენოვი:

“კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო, როგორც სახელმწიფო, რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ყოვლისმომცველი განვითარებისკენ და თავისი კუთვნილი ადგილი უკავია საერთაშორისო ასპარეზზე, ყაზახეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.

მიმდინარე წლის თებერვალში ყაზახეთში თქვენმა ოფიციალურმა ვიზიტმა ახალი იმპულსი მისცა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, მათ შორის „შუა დერეფნის“ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საზოგადოებრივ საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *