ვისგან მიიღო დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილები მიხეილ ყაველაშვილმა?

ვისგან მიიღო დამოუკიდებლობის დღის მისალოცი წერილები მიხეილ ყაველაშვილმა?
“ქართული ოცნების” არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილს ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ყაველაშვილს მსოფლიო ლიდერების ნაწილი ულოცავს.

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი

„ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსურს, გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს.

ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთ პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებმა პროგრესი განიცადა, გაღრმავდა პოლიტიკური კავშირები და გაძლიერდა სტრატეგიული თანამშრომლობა.

დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებს და მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყოველივე საუკეთესოს. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – ბედნიერებახ“

უნგრეთის პრეზიდენტი ტომაშ შუიოკი

„ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, გამოვხატო პატივისცემა და საუკეთესო სურვილები საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

უნგრეთი კვლავაც მზადაა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული თანამშრომლობისთვის, ურთიერთხელსაყრელი განვითარებისა და ახალი მიმართულებების გაფართოებისთვის. გარწმუნებთ, რომ უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.

ნება მომეცით, კვლავ დაგიდასტუროთ ჩემი გულწრფელი პატივისცემა,“ – ნათქვამია შუიოკის მისალოც წერილში.

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი

„ბატონო პრეზიდენტო, ჩემი და თურქი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენს ხალხებს შორის ყოველდღიურად ვითარდება მეგობრობასა და საერთო ინტერესებზე დამყარებული ახლომეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც მაძლევს იმის რწმენას, რომ მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება ეს კავშირები, რომელიც ემსახურება ჩვენს რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და აღორძინების უზრუნველყოფას.

მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და გულწრფელად ვუსურვო თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო ქართველ მეგობარ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“.

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი

„ბატონო პრეზიდენტო, ხორვატი ხალხისა და ჩემი სახელით, გულთბილად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ წარმატებას, წინსვლასა და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს მოქალაქეებს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ხორვატიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების მომავალში უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.

გიდასტურებთ ჩემს პატივისცემას,“ – ნათქვამია მილანოვიჩის მისალოც წერილში.

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე

„ჩემს მეუღლესთან ერთად გულწრფელად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს თქვენ და ქართველ ხალხს. ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობა და მტკიცე პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და გაღრმავდება. ჩვენი ოჯახისთვის პატივია საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება ვუსურვოთ“, – ნათქვამია ჩარლზ მესამის მისალოც წერილში.

ესპანეთის მეფე ფილიპე

„საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად, მსურს ესპანეთის ხელისუფლებისა და ესპანელი ხალხის მილოცვა გადმოგცეთ. ბატონო პრეზიდენტო, მიიღეთ ჩემი საუკეთესო სურვილები, როგორც პირადი კეთილდღეობის, ასევე საქართველოს ძვირფასი მოსახლეობის მშვიდობისა და წინსვლისათვის“, – ნათქვამია მეფე ფილიპეს მისალოც წერილში.

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერ კლაუს გეორგ ფერდინანდი

„საქართველოს ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად, გთხოვთ მიიღოთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისათვის,“ – ნათქვამია ნიდერლანდების მეფის მისალოც წერილში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *