“ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი” – ბაჩიაშვილის ბოლო ინტერვიუ დაკავებამდე Guardian-ს

„ორი ქვეყნის დაზვერვის სააგენტოების ინფორმაციით, ბაჩიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება“ – ად
“ვიცი, რომ ციხეში მოვკვდები – როგორ აღმოჩნდა საქართველოს დე ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი ძებნილი” – ამ სათაურით აქვეყნებს ბრიტანული Guardian-ი გიორგი ბაჩიაშვილზე სტატიას, რომელზეც დღეს, 27 მაისს დილით გახდა ცნობილი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) სადახლოსთან საზღვრის მწვანე ზონაში დააკავა.

ბაჩიაშვილი ამტკიცებს, რომ ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურმა აცნობა, რომ მისი ლიკვიდაციის გეგმა არსებობს. „ეს ჯგუფები ჩრდილოეთ კავკასიიდან, დიდი ალბათობით ჩეჩნები არიან,“ – უთხრა მან გამოცემას.

სტატიაში აღწერილია ბიძინა ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის ურთიერთობა რომ ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან მუშაობდა.

“ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის ბიძინა ივანიშვილთან მუშაობდა, კარჩაკეტილ მილიარდერთან და “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან, რომელიც საქართველოს დე ფაქტო ლიდერად არის მიჩნეული”, – წერია სტატიაში. Guardian ასევე წერს, რომ გასული წლის დეკემბერში ივანიშვილი აშშ-მა დაასანქცირა “რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის”.

როგორც გამოცემა წერს, უსაფრთხოების მიზეზების გამო ბაჩიაშვილმა სთხოვათ მისი ადგილსამყოფელი ანონიმური დარჩენილიყო. მისი მონათხრობი თუნდაც ისეთი ადამიანის მიერ, რომელსაც წყენა აქვს და იძებნება, გვაძლევს წარმოდგენას იმ ადამიანის მენტალიტეტზე, რომელსაც აბრალებენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, საქართველო რუსულ ორბიტაზე დააბრუნა. “ის შესწირავს ქვეყანასა და მის ინტერესებს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოებისთვის”, – ამბობს ბაჩიაშვილი ივანიშვილზე.

ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა და „პანამის დოკუმენტები“

სტატიაში მოთხრობილია როგორ გახდა გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის მარჯვენა ხელი. კერძოდ ის თუ როგორ დაიწყო უძრავი ქონების გარიგებებზე მუშაობა მოსკოვში, ივანიშვილის ერთ-ერთ კომპანიაში ბაჩიაშვილმა, დედამისის დახმარებით, რომელიც ივანიშვილის დედის თვალის ექიმი იყო. სწორედ ბაჩიაშვილის დახმარებით პრემიერ-მინისტრად არჩევამდე, ივანიშვილმა რუსეთში აქტივები გაყიდა.

2016 წელს “პანამის დოკუმენტების” გამოქვეყნებამ აჩვენა, რომ ივანიშვილი მალავდა, რომ ფლობდა კომპანიას, რომელსაც მართავდა უკვე დახურული პანამური ფირმა Mossack Fonseca. ამ კომპანიის საქმიანობა ბუნდოვანი იყო. თუმცა როგორც ბაჩიაშვილი ბრიტანულ გამოცემას ეუბნება, სწორედ ეს კომპანია მართავდა ივანიშვილის 1.3 მილიარდ დოლარად შეფასებულ ხელოვნების ნიმუშების პორტფელს, რომელიც ნიუ იორკსა და ლონდონში ინახებოდა. Lynden Management Ltd-ის ზედამხედველობა სწორედ ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობა იყო.

“2022 წელს სანქციების შიშის გამო, მან ხელოვნების ნიმუშები საქართველოში დააბრუნა. იმისთვის, რომ აეცილებინა საიმპორტო მოსაკრებელი, ქონების გადასახადი და ამ ნამუშევრების გაყიდვიდან მიღებული მოგების გადასახადი, მან მიიღო “ოფშორების კანონი”. ანუ დაახლოებით 400 მლნ დოლარი ამოიღო საქართველოს ჯიბიდან”, – ამბობს ბაჩიაშვილი.

ივანიშვილის ადვოკატი Guardian-ს საუბრისას ბაჩიაშვილის ბრალდებებს ტყუილს უწოდეს და ამატებს, რომ ოფშორული ზონების გამოყენება დანაშაული არ არის.

„სულთანის და მისი მსახურების დამოკიდებულება“

როგორც ბაჩიაშვილი აღწერს თანამდებობიდან წასული ივანიშვილის და მისი პრემიერების ურთიერთობა “გაბრაზებული ბოსის და იდიოტი თანამშრომლის” მსგავსი იყო.

“ივანიშვილის რეზიდენციაში მგონი ყველაზე ხშირი სტუმარი ვიყავი”, – ამბობს ის და ამატებს, რომ ხედავდა როგორ მიდიოდნენ პრემიერები, მოსამართლეები, გენერალური პროკურორი, შინაგან საქმეთა მინისტრი. “ზოგჯერ ის უყვიროდათ, ზოგჯერ კი უსარგებლოებს ეძახდათ. სულთანის და მისი მსახურების დამოკიდებულების მსგავსი იყო”, – ამბობს ბაჩიაშვილი.

ივანიშვილის ადვოკატი ამ განცხადებებს მილიარდერის დისკრედიტაციის უსაფუძვლო მცდელობას უწოდებს.

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ასევე ცნობილია ეგზოტიკური ცხოველების კოლექციით, მათ შორის ჰყავს ზებრები, ფარშევანგები. როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, მას ასევე ჰყავს დელფინები და ზვიგენები. გამოცემა ივანიშვილის ხეებით გატაცებაზეც ამახვილებს ყურადღებას. “ის უნდა ფლობდეს რამეს, რომ შეიყვაროს – ასეთია მისი მსოფლხედვა,” – ამბობს ბაჩიაშვილი.

მისივე თქმით, ივანიშვილი შეპყრობილია მოკვდაობის საკითხით და იტარებს წარმოუდგენელ ექსპერიმენტებს როგორებიც არის ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია. “ყველა შამანურ სიგიჟეებს აკეთებს, მისი შამანი იულია კრუშანოვა მასთან ცხოვრობს.

როგორც Guardian წერს, კრუშანოვა თავს ანტიეჯინგ მედიცინის სპეციალისტს უწოდებს და არსებობს ცნობები, რომ ქორწინებაშია რუსეთის სადაზვერვო ოფიცერთან. შამანზე, რომელიც ივანიშვილთან ცხოვრობს სიცრუეს უწოდებს ადვოკატი.

“ბაჩიაშვილის ეს განცხადების არის აბსურდი. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ არანაირი ექიმი მასთან არ ცხოვრობს და არც რაიმე ექსპერიმენტი მიმდინარეობს”. თავად კრუშანოვამ ბრიტანულ გამოცემას კომენტარი არ მისცა.

„საქართველოს ომში ჩართვაზე“ საუბრები და გაფუჭებული ურთიერთობა

Guardian-ს ბაჩიაშვილი უყვება თუ როგორ დაიწყო ივანიშვილმა “საქართველოს ომში ჩართვაზე” საუბარი, რასაც შემდეგ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებიც იმეორებდნენ.

“მეუბნებოდა, რომ Credit Suisse-ის მთელი ის საგა სინამდვილეში Credit Suisse-ის კი არ იყო, არამედ გარე ძალები მაგალითად ამერიკელები ცდილობდნენ მისთვის ფული წამართვან, რათა სანაცვლოდ საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა მოეთხოვათ.

“ზოგჯერ 30-40 წუთს მელაპარაკებოდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკაში ვიყავი. აზრებს მიზიარებდა ამ საკითხზე. ამბობდა, რომ ისეთი ტიპის ადამიანია, რომ თუნდაც იარაღი დაადონ თავზე ასეთ რამეს არ დაემორჩილება. ვფიქრობდი, რატომ მელაპარაკება ეს კაცი ყოველდღე 40 წუთის განმავლობაში ამ თემაზე. მერე მივხვდი, რომ ეგონა ჩვენი სატელეფონო საუბარი ისმინებოდა. ზოგჯერ იტყოდა ხოლმე: შენს მეგობრებს უთხარი რომ ამ აზრზე ვარ”, – ამბობს ბაჩიაშვილი და ამატებს, რომ 2022 წლამდე ივანიშვილს ჰქონდა ილუზია ჩდრილოვანი მმართველოს პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი გახდებოდა, თუმცა შემდეგ ნათელი გახდა, რომ ევროკავშირი ასეთი მმართველობითი სისტემით საქართველოს არ მიიღებდა. ამიტომ ბაჩიაშვილი ამბობს, რომ რუსეთისგან სვლა მისთვის გამოსავალი იყო. ივანიშვილის ადვოკატი ამ განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამტკიცებს, რომ ივანიშვილის მმართველობის პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა.

“თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელი ყვება, რომ ივანიშვილთან ურთიერთობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაუფუჭდა, როცა ღიად დაიწყო უკრაინის მხარდაჭერა. როგორც ამბობს, Instagram-ზე გამოქვეყნებული მხარდამჭერი პოსტების გამო ივანიშვილმა დაურეკა კიდეც: “პირველი შემთხვევა იყო, როცა გაგიჟებული იყო. ყვიროდა და იმუქრებოდა. ძირითადი გზავნილი იყო, რომ “გირჩევნია გაჩუმდე და შენი ადგილი იცოდე. ივანიშვილის ადვოკატი მსგავს საუბარს უარყოფს.

სტატიაში ასევე აღწერილია როგორ დაიწყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ჯერ გარიგება ივანიშვი-ბაჩიაშვილს შორის შემდეგ კი დაპირისპირება და სამართლებრივი დევნა.

დაკავება და საფრთხეები

ბაჩიაშვილი Guardian-ს ეუბნება, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ ივანიშვილი ციხეში დამტვრევით დაემუქრა. ამას ივანიშვილის ადვოკატი ყვითელი პრესის დონის განცხადებას უწოდებს. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ გაქცევა მარტივი არ იყო: “ყველაფერს ტოვებ და არ იცი წარმატებული იქნება თუ არა, მაგრამ ვიცოდი, რომ ციხეში სიკვდილი მელოდა”.

ბაჩიაშვილის თქმით, არა მხოლოდ სიკვდილის საფრთხე უდგას, არამედ პირდაპირ გააფრთხილეს, რომ ბრძანება გაცემულია, თუმცა არ სჯერა, რომ ეს ივანიშვილისგან მოდის.

“მეშინია, რომ ეს შესაძლოა მოდიოდეს სპეცსამსახურებიდან ან ზოგიერთი ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომლებსაც უნდათ ივანიშვილი კიდევ უფრო მოწყვლადი გახდეს. თუ ისინი მოახერხებენ, რომ მკვლელობა მას გადააბრალონ, მაშინ მცირე შანსი იქნება აშშ-თან ნორმალური დიალოგი წარმართოს ან უფრო მეტად იქნება ის მარწუხებში მოქცეული. ბაჩიაშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ივანიშვილს დასავლეთის ჯაშუში ჰგონია და ამიტომ შეაქცია ზურგი. “ივანიშვილისთვის ძალაუფლებას ჩაბღაუჭება ეგზისტენციურია და ამისთვის იბრძვის”.

დღეს, 27 მაისს, ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, “2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი”.

ბაჩიაშვილს, რომელსაც ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა, საქართველო მარტში ფარულად დატოვა და მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. 2025 წლის 10 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად „კრიპტოვალუტების საქმეზე“ 11 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *