“ვფიქრობთ, რომ იმპორტიორებისთვის აუდიო/ვიდეო იმპორტზე ტარიფი არ უნდა შეიცვალოს”- IPOA

“ვფიქრობთ, რომ იმპორტიორებისთვის აუდიო/ვიდეო იმპორტზე ტარიფი არ უნდა შეიცვალოს”- IPOA

ბიზნესი აუდიო ვიდეო ტექნიკის იმპორტზე დაწესებული ტარიფის გადახედვას ითხოვს. საუბარია საქპატენტის მიერ შემოღებულ გადასახადზე, რომელსაც ვიდეო-აუდიო ტექნიკის ყველა იმპორტიორი კომპანია იხდის.

ამ გზით კი ავტორ-შემსრულებლებისთვის ჰონორარს უხდიან, რადგან მათ მიერ შემოტანილ ვიდეო-აუდიო ტექნიკით შესაძლოა პოტენციურად ქართველი ავტორების კონტენტის მოსმენა მოხდეს, რაც უნდა ანაზღაურდეს. გადასახადს იმპორტიორები ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციას უხდიან, თუმცა ბიზნესი თვლის, რომ პროცესში გამოწვევებია.

გასულ კვირას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ უნდა დაკორექტირდეს ტარიფი დღგ-ს წილის პროპორციულად, რადგან ამ გადასახადის გათვალისწინება ტარიფში არ არის თანხვედრაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებთან.

ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა მდივანი ბიზნესის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დადგენილი ტარიფის კორექტირება უნდა მოხდეს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

“ლოგიკურია, რომ ბიზნესი უფრო ნაკლებ ტარიფს ითხოვდეს, რა თქმა უნდა, ეს სრულიად გასაგებია, თუმცა ასევე მინდა ვთქვა, რომ საქპატენტმა იმსჯელა ტარიფის ოდენობაზე და დაადგინა ის ტარიფი, რაც დაადგინა, მსჯელობის და განხილვის გამოკვლევის შემდეგ და ვთვლი, რომ მაგაზე ნაკლები არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ სრულიად სამართლიანი არის ამ კუთხით. ვფიქრობთ, რომ ტარიფი არ უნდა შეიცვალოს.

იმპორტიორებს გასაჩივრებულიც აქვთ საქპატენტის ეს გადაწყვეტილება და ითხოვენ ტარიფის შემცირებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ის არგუმენტები, რომ თითქოს დადგენილი ტარიფი აღემატება ევროპულ სტანდარტებს ან არ იზიარებს ევროპულ გამოცდილებას არის სრულიად სიცრუე, იმიტომ, რომ აბსოლუტურად შესაბამისია ეს ყველა ევროპულ სტანდარტთან, როგორც მისი დადგენის წესი და მისი გამოთვლის მექანიზმი, ისე პროდუქცია, რომელზეც უნდა იქნეს გადახდილი ეს ტარიფი და ისე ტარიფის ოდენობა,”- ამბობს IPOA-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა მდივანი.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამოწვევებს შორის ასახელებენ ტარიფების ადმინისტრირებას, რადგანაც, როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, არ ხდება კომპანიების ნაწილის მხრიდან ტარიფების გადახდა, რაც ბიზნესებს არასამართლიან პირობებში აყენებს. ბიზნესის გამოწვევებს გამოეხმაურა ინტელექტუალური საკუთრების მფლობელთა ასოციაციაც, სადაც ამბობენ, რომ ურჩი იმპორტიორების წილი ძალიან მცირეა, კონკრეტულ საქმეებთან მიმართებით კი გაერთაინებას შესაბამისი რეაგირება უკვე ჰქონდა და ამ ნაწილში პრობლემები თითქმის აღარ რჩება.

“ჩვენ აქტიური ღონისძიებები განვახორციელეთ ურჩი იმპორტიორების წინააღმდეგ და მივმართეთ სასამართლოს ძალიან ქმედითი მექანიზმებით, რომლის საფუძველზეც დაუყოვნებლივ მოხდა გადახდა, ანუ სასამართლო განხილვა არც კი დაგვჭირდა. პლუს ამან მაგალითიც შექმნა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქტიურად არ გაგვივრცელებია ეს ინფორმაცია, სავარაუდოდ იმპორტიორებმა ერთმანეთს გაუზიარეს რაც მოხდა, იმიტომ, რომ სხვა იმპორტიორებიც, რომელთა წინააღმდეგ უკვე დაგეგმილი იყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თვითონ გამოვიდნენ კავშირზე და დაიწყეს გადახდა, დაფარეს დავალიანებები.

შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ის მექანიზმები, რა თქმა უნდა, სამყაროში ახლა იდეალური არაფერი არ არის, მაგრამ ჩვენი მექანიზმები სრულიად ადეკვატურია და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დღეისათვის გადახდის კუთხით იმპორტიორებს არ უნდა ჰქონდეთ იმის შიში, რომ ბაზარზე არაკონკურენტული გარემოა.

ბიზნეს ასოციაციაში გაჟღერდა ასეთი ინიციატივა, რომ გადასახადის გადახდა მოხდეს საბაჟოზე შემოსვლისთანავე და ანუ თუ ეს გადასახადი, ანუ მოსაკრებელი იმპორტიორს გადახდილი არა აქვს, არ მოხდეს საბაჟო სივრცის დატოვება. პრინციპულად ამ მიდგომას ვეთანხმებით და იქვე დავუფიქსირეთ ბიზნესს და ახლაც თქვენთანაც დავაფიქსირებთ, რომ ჩვენ ამ ინიციატივას მხარს ვუჭერთ, ოღონდ ამ ინიციატივას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, ჩემი მოსაზრებით და ჩვენ მზად ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ამ ინიციატივას და ერთობლივად ვიმოქმედოთ ადმინისტრირების წესის გაუმჯობესებაზე,”- აცხადებს IPOA-ს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა მდივანი.

გადასახადების ადმინისტრირების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე მივმართეთ კითხვებით საქპატენტსაც, სადაც ამბობენ, რომ საქპატენტი არ მონაწილეობს ჰონორარის შეგროვებისა და განაწილების პროცესში და არ აქვს წვდომა მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების მწარმოებლებისა და იმპორტიორების ვინაობისა და რაოდენობის, ასევე, მათ მიერ გადახდილი ჰონორარების თაობაზე. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ თუ იმპორტიორი არ გადაიხდის გადასახადს, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ჰონორარის გადახდა.

“რაც შეეხება იმპორტიორებისა და მწარმოებლების მიერ ზემოაღნიშნული ჰონორარის გადაუხდელობას, იმ შემთხვევაში, თუ მოსარგებლის მიერ არ მოხდება კანონით ან/და კომისიის მიერ განსაზღვრული ჰონორარის გადახდა, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ჰონორარის გადახდა.

აღსანიშნავია, რომ გარკვეული პერიოდის წინ, ბიზნეს ასოციაციისა და საქპატენტის ჩართულობით, სწორედ ბიზნეს ასოციაციაში შედგა იმპორტიორებსა და ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შორის შეხვედრა, სადაც ორივე მხარის მიერ გამოითქვა მოსაზრებები. შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, ორგანიზაციის ვალდებულება მიმდინარე წლის აგვისტოში მოამზადოს და საკუთარ ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადოს გამჭვირვალობის ყოველწლიური ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშში ასახული ინფორმაცია, მათ შორის, მოგვცემს შესაძლებლობას, გაკეთდეს საკითხის სიღრმისეული ანალიზი. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ადმინისტრირების, მათ შორის, ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესში ხარვეზების არსებობა, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით შესაძლებელი იქნება პროცესის დახვეწისა და გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება,”- ამბობენ საქპატენტში.

ტექნიკის იმპორტიორებისთვის 2%-მდე გადასახადის ამოქმედება 2024 წლის 31 დეკემბერს ბიზნესმა გაასაჩივრა. საკითხზე მსჯელობა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება, მოდავე მხარე კი მედიასთან თემაზე ჯერ ისევ არ საუბრობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *