ვფიქრობ, [სექტორში] გარკვეული ძირეული ცვლილებებია განსახორციელებელი, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “ინსის” დირექტორმა, ზვიად თოიძემ BMG-სთან ისაუბრა და დასძინა, რომ ასოციაციის ფარგლებში კომპანიებს ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრთან, რევაზ სოხაძესთან ამ თემაზე მოლაპარაკებები უკვე ჰქონდათ.
თოიძე შეხვედრას პოზიტიურად აფასებს და საუბრობს იმ გამოწვევების შესახებ, რაც სამშენებლო სექტორშია. მისი თქმით, გამოწვევაა სახელმწიფო პროექტებში ფასების ინდექსაცია, რომელიც ამ დროისათვის არასავალდებულოა, თუმცა სექტორი ცდილობს, რომ ინდექსაციის მუხლი სავალდებულო გახადოს. ამასთან, გამოწვევად აფასებს ფასწარმოქმნას, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„ინდექსაციას როგორც იცით გარკვეულ შემთხვევებში ახორციელებენ. თუმცა სავალდებულო არ არის. გვინდა, რომ სავალდებულო გახდეს. რაც შეეხება ფასწარმოქმნას, ამ კუთხითაც პრობლემებია, რადგან ფასწარმოქმნა გამომდინარეობს ე.წ. სამშენებლო „სნიპებიდან“ და სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან, რომელიც ვთვლით, რომ უნდა შეიცვალოს და ამაზე მთავრობასთან უკვე ვსაუბრობთ“, – აცხადებს „ინსის“ დირექტორი.
ინფორმაციისთვის, ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. რევაზ სოხაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ტენდერებთან დაკავშირებით სამინისტრო რამდენიმე სიახლეს გეგმავს, რაც მაქსიმალურად გამჭვირვალედ განხორციელდება და ამაზე სამშენებლო სექტორი ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს.