ზელენსკის თქმით, ზამთარში გაზის დეფიციტის შემთხვევაში ქვეყანას ნორვეგია დაეხმარება

უკრაინამ სამი ჩინური კომპანია დაასანქცირა
ნორვეგია უკრაინას დაეხმარება დაახლოებით მილიარდი ევროს ღირებულების გაზის დეფიციტის აღმოფხვრაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერთან იუნას გარ სთურეთან ვილნიუსში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. მისგან პოზიტიური გზავნილები მოვისმინე, მათ შორის გაზთან დაკავშირებით”, – ამბობს ზელენსკი და ამატებს, რომ თუ ზამთარში დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან ნორვეგია დაეხმარებათ.

რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რეგულარულად ესხმის თავს, რაც იწვევს ელექტროენერგიისა თუ გაზის დეფიციტს ქვეყანაში.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნებისთვის ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებლების ნორვეგია და აშშ გახდნენ. 2024 წელს ევროკავშირმა LNG-ის თითქმის ნახევარი (45%) აშშ-დან იყიდა; შემდეგ მოდის რუსეთი (17.5%), ხოლო მესამე ადგილზეა ალჟირი (10.7%). ბუნებრივი გაზის მთავარი მიმწოდებელი ევროკავშირისთვის ნორვეგიაა (45.6%); ალჟირი (19%) და 16% რუსეთი.

ომის პირობებში ევროპამ გაზის ახალი ბაზრების ძიება დაიწყო. თუ 2021 წელს რუსეთიდან 137 მილიარდამდე მ³ ბუნებრივ აირს ყიდულობდა, რაც ევროკავშირის ჯამური მოხმარების დაახლოებით 40% იყო, 2023 წელს რუსული გაზის იმპორტი 25 მილიარდ მ³-მდე შემცირდა. რუსული გაზის ჩანაცვლების ერთ-ერთი მთავარი წყარო LNG აღმოჩნდა, რომელსაც ევროკავშირი ძირითადად აშშ-დან ყიდულობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *