“ზესხოჰესის” მშენებლობა ერთ წელიწადში დაიწყება, ინვესტიცია $33-35 მილიონია – გიორგი მარგებაძე

“ზესხოჰესის” მშენებლობა ერთ წელიწადში დაიწყება, ინვესტიცია $33-35 მილიონია – გიორგი მარგებაძე

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, „ზესხოჰესის“ მშენებლობა, დაახლოებით, ერთ წელიწადში დაიწყება.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ინვესტორი კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ დირექტორმა გიორგი მარგებაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 20 მგვტ-ია, ხოლო საინვესტიციო ღირებულება $33-დან 35 მილიონ დოლარამდე იქნება.

გიორგი მარგებაძე იმედოვნებს, რომ გენერაციის ახალი ობიექტების აშენება ლენტეხის მუნიციპალიტეტს გამოაცოცხლებს და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

„ზესხოჰესი აშენდება ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცანას და ზესხოში – ეს ორი სოფელი დღეს დაცლილია; ერთ სოფელში მხოლოდ 1 მოსახლე ცხოვრობს. გვსურს, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, დანგრეული სახლებიც აღვადგინოთ, რაზედაც არქტიტექტორები იმუშავებენ“, – თქვა მან და იქვე ისიც აღნიშნა, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დადებითად არის განწყობილი.

„ჩვენც [ინვესტორებიც] ვიზრდებით და ბევრს ვსწავლობთ… ადამიანები კი, როცა გრძნობენ, რომ მათი აზრი თავიდანვეა გათვალისწინებული, ეს ბევრს ნიშნავს“, – დასძინა მან.

„წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი მარგებაძემ კიდევ ერთი ჰესის პროექტზეც ისაუბრა – 11-მგვტ-იანი „ღობიშური ჰესიც“ ლენტეხში აშენდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 16 მლნ დოლარია, ხოლო მშენებლობის დაწყება 2 წელიწადში იგეგმება.

გარდა ამ პროექტებისა, „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეიმ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ჰიდროელექტროსადგური 22.4 მგვტ-იანი „ცხენისწყალი 1 ჰესი“ უნდა ააშენოს. ინვესტიცია 35 მლნ დოლარია და მშენებლობა, სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება.

„ცხენისწყალი 1 ჰესი“, „ზესხოჰესი“, „ღობიშური ჰესი“ – ასე ვთქვათ ერთ აუზში სამი ჰესი იქნება, ჯამში, 60 მგვტ-მდე“, – განაცხადა „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ დირექტორმა გიორგი მარგებაძემ „წერტილში“.

ცნობისთვის, კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“ 2021 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 50%-იან წილს შპს „ჰაიდრო ინვესტი“ ფლობს. ამ კომპანიაში კი მაჟორიტარულ 50%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა. რაც შეეხება კომპანია „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეის“ სხვა 3 აქციონერს, ისინი სომხეთის მოქალაქეები არიან. აქედან 17%-ის მფლობელი კარენ ჰარუტინიანი, ასევე 17% არა დარბინიანი და 16%-ს კი აიკ დარბინიანი ფლობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *