“თავისუფალ ბიზნესს საჯარო მოხელეების მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ” – კახი სამხარაძე

“თავისუფალ ბიზნესს საჯარო მოხელეების მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ” – კახი სამხარაძე
„ცხადია, ბიზნესს ესმის, რომ თუ საჯარო მოსამსახურეების პროტესტი შენელდა და გაქრა, სისტემა ხვალ ბიზნესამდეც მივა“, – ეს განცხადება საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარე კახი სამხარაძემ გააკეთა.

საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თანათავმჯდომარემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ევროინტეგრაციის მხარდაჭერის გამო, საჯარო უწყებებიდან გათავისუფლებული ადამიანების საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თავისუფალი ბიზნესი საჯარო მოხელეების დასაქმების და გადამზადების კამპანიებში ჩაერთოს.

„მინდა, მოვუწოდო ყველა თავისუფალ ბიზნესს, რომ აუცილებლად ჩაერთონ იმ საქმეში, რომელსაც ჰქვია ერთობლივი ბრძოლა, წინააღმდეგობა იმ სისტემის მიმართ, რომელიც საჯარო მოხელეებს დევნის და ახორციელებს დრაკონულ რეპრესიებს“, – აცხადებს კახი სამხარაძემ.

საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თანათავმჯდომარემ ისიც აღნიშნა, როგორც კი მმართველმა პარტიამ, სხვადასხვა საფუძვლით, საჯარო მოსამსახურეების გათავისუფლება დაიწყო, კერძო სექტორმა მხარდაჭერა მაშინვე გამოხატა, მაგრამ პროცესს მასშტაბური სახე არ მიუღია.

„მაგალითად, საქართველოს უნივერსიტეტმა რამდენიმე ადამიანი დაასაქმა. ეს ადამიანები დღესაც არიან დასაქმებულები და თან თავის უფლებებს იცავენ, მაგრამ ეს იყო ერთეული შემთხვევები…

მოგეხსენებათ, თავისუფალი ბიზნესების პლატფორმაზე freebusiness.ge – 2000-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაციაა რეგისტრირებული და ჩვენ, სწორედ ამ ჯგუფს ვხედავთ სამიზნე აუდიტორიად და მივმართავ თხოვნით, დაგვეხმარონ.

აღსანიშნავია, რამდენიმე მსხვილი ორგანიზაცია, რომელთა ვინაობას მათი სურვილით არ დავასახელებ, ცდილობს დაგვეხმაროს. ასევე, რამდენიმე სასწავლებელმა შემგვთავაზა, რომ მოგვეხმარებიან საჯარო მოხელეების გადამზადების პროცესში, რადგან კერძო და საჯარო სექტორი ერთმანეთისგან განსხვავებულია; რომ იცოდეთ, CV-ის ფორმაც კი ბევრად რთული და კომპლექსურია საჯარო სექტორში, ვიდრე – ბიზნესში“, – ამბობს კახი სამხარაძე.

მისივე ინფორმაციით, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირი აპირებს შექმნას ვებგვერდი, სადაც პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეების უნარ-ჩვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება, რაც კერძო სექტორთან თანამშრომლობას გაამარტივებს.

„მონაცემთა ბაზის ქონა უმნიშვნელოვანესია. ჯერ ვებგვერდი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენს facebook-გვერდზეც გაზიარებული გვაქვს Google-ის დოკუმენტი, სადაც ადამიანებს თავად შეუძლიათ საკუთარი მონაცემების შეყვანა“, – აღნიშნა მან.

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ ინფორმაციით, ევროინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერის გამო, სამსახურიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელეების რაოდენობა უკვე 700-სს გადასცდა და მათგან 150-ის უფლებებს სასამართლოში პროფესიული კავშირი იცავს.

კახი სამხარაძის ინფორმაციითვე, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულმა კავშირმა მიმართა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი უკვე დაარეგისტრირეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *