თბილისის ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის განცხადებით, ზოოპარკის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 4 მილიონ ლარს შეადგენს. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემაში #BMGDRIVE ისაუბრა.
მისი განმარტებით, ეს თანხა ძირითადად მხოლოდ ცხოველების საკვებზე, მოვლასა და მედიკამენტებზე იხარჯება, ხოლო შემოსავალი ხარჯების სრულად დაფარვისთვის საკმარისი არ არის.
„ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი საკვებია. ჩვენი მთავარი შემოსავალი ბილეთებიდან მოდის, მცირე ნაწილი – იჯარით გაცემული ტერიტორიებიდან, თუმცა ეს არც ისე დიდი რესურსია და ხარჯების დაფარვას ვერ ჰყოფნის“, – აღნიშნა გურიელიძემ.
მისი თქმით, ახალ ზოოპარკში, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ შენდება, საჭირო იქნება განსხვავებული მიდგომები, რათა მას ფინანსური მდგრადობა ჰქონდეს.
გურიელიძე ასევე შეეხო საერთაშორისო გამოცდილებას და აღნიშნა, რომ ევროპაში კერძო ზოოპარკების მოდელი საკმაოდ წარმატებულია, თუმცა საქართველოსთვის ამგვარი მოდელის რეალიზება რთულია.
„ჰოლანდიაში, მაგალითად, ბილეთის ფასი დაახლოებით €30 და ვიზიტორების რაოდენობა მილიონზე ნაკლები არ არის. საქართველოში ასეთ ფასზე ვიზიტორები უბრალოდ აღარ მოვიდოდნენ. აქედან გამომდინარე, ძალიან საეჭვოა, რომ მხოლოდ ბილეთების ფასის გაზრდით ზოოპარკმა შეძლოს თვითდაფინანსება და განვითარება“, – თქვა მან.
როგორც გურიელიძე აცხადებს, ახალი ზოოპარკის მშენებლობის პროცესში კერძო ინვესტორების მოზიდვა შესაძლებელია და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ასევე მოქმედებს მეურვეობის პროგრამაც, რომლის ფარგლებში კომპანიებს ან კერძო პირებს შეუძლიათ გარკვეული ცხოველის “მეურვეობა” აიღონ საკუთარ თავზე, თუმცა ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ არასტაბილურად მუშაობს: „ზოგი კომპანია მეურვეობას მაქსიმუმ ერთ წლამდე აგრძელებს და ხშირად ისე წყვეტენ პროგრამაში მონაწილეობას, რომ არც კი გვატყობინებენ“, – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.