თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა – განსახილველი თემები და მონაწილეები

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმი გაიხსნა – განსახილველი თემები და მონაწილეები
დედაქალაქი თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს (TBILISI RFSD) სახელწოდებით – „მშვიდობის როლი მდგრად სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში“ მასპინძლობს.

ღონისძიება თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით იმართება. ის ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ღონისძიების მიზანი გამოცდილების, თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარებაა, რომელიც თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და ქალაქების განვითარების მდგრად და გრძელვადიან პერსპექტივას ქმნის. ფორუმზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორებიცაა: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, 8 000-წლიანი ტრადიციული მეღვინეობა, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა, თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში და სხვა.

ფორუმში მონაწილეობას იღებენ საქართველოს მთავრობის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო გამომსვლელები, ექსპერტები სხვადასხვა სფეროდან, ასევე, ბიზნესსექტორის, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ფორუმი მისასალმებელი სიტყვით თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა. მისივე თქმით, წლევანდელი ფორუმი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხმიანება, როგორებიცაა: ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა და ინოვაციები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, უძრავი ქონების ბაზარი და თანამედროვე ტენდენციები სამშენებლო სექტორში. ღონისძიების მონაწილეები ასევე, იმსჯელებენ დემოგრაფიისა და მიგრაციის, სივრცითი მოწყობის, სატრანსპორტო რეფორმისა და ქალაქის განვითარებისთვის საჭირო სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

„არაერთხელ გვითქვამს, რომ არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ზოგადად, მსოფლიოში, დღეს მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. შესაბამისად, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა. ბოლო წლების განმავლობაში, უკრაინაში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ შეგვახსენა მშვიდობის ფასი და უალტერნატივობა. ეკონომიკური ზრდა, დასაქმება და ინვესტიციების მოზიდვა სწორედ მშვიდ, სტაბილურ და გაწონასწორებულ ქვეყანაში მიიღწევა. ამიტომ, მშვიდობა არ არის მხოლოდ სახელმწიფოებრივი სტრატეგიის, სამხედრო ან პოლიტიკური დღის წესრიგის რიგითი საკითხი. ის არის ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური რესურსი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის განვითარებას ყველა მიმართულებით, იქნება ეს ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტული პოტენციალის ზრდა თუ სხვა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის (TBILISI RFSD) ფარგლებში, დედაქალაქი ყოველწლიურად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონის სპიკერებს, სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, მუნიციპალიტეტებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს მასპინძლობს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *