თბილისის მერია ორი ავარიული კორპუსის ჩანაცვლებას გამარტივებული გზით 23 მლნ ლარად გეგმავს

თბილისის მერია ორი ავარიული კორპუსის ჩანაცვლებას გამარტივებული გზით 23 მლნ ლარად გეგმავს
თბილისის განვითარების ფონდი ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში ორი საცხოვრებელი შენობის სამშენებლო სამუშაოებს გამარტივებულად ყიდულობს. საუბარია შუამთის ქუჩა N40ა-ში მდებარე 1524 კვ.მ მიწის ნაკვეთზე 11-სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებსა და ვარკეთილის დასახლების მე-3 მასივის მე-10 კვარტალში, კორპუს N9 -ში მიწის ნაკვეთზე მდებარე ავარიული სახლის ადგილას ახალი შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებზე. პირველი პროექტის ღირებულება 12,6 მლნ ლარია, მეორესი კი – 10,5 მლნ ლარი.

შესყიდვის დოკუმენტის თანახმად, შუამთის ქუჩაზე ახალი საცხოვრებლით 55 მესაკუთრე და მათი ოჯახები იქნებიან უზრუნველყოფილნი. ხოლო ვარკეთილის მესამე მასივში დაგეგმილი პროექტის განხორციელებით, მერია აცხადებს, რომ მოეწყობა 90 საცხოვრებელი ბინა, არქიტექტურული პროექტის შესაბამისად. აქედან, იგეგმება 44 ოჯახის დაკმაყოფილება უძრავი ქონებით, ხოლო 46 ერთეული საცხოვრებელი ბინა შესაძლებელია ჩართული იქნას ნატურით ანგარიშსწორებაში მიმწოდებლის საკუთრებაში გადაცემის გზით.

ორივე პროექტის ვადად 2028 წლის 31 მარტია მითითებული.

გამარტივებული შესყიდვის დასაბუთებაში აღნიშნულია, რომ მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია შემჭიდროვებულ ვადებში განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

ცნობისთვის, ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში პირველი პროექტი გასულ წელს დასრულდა. ვარკეთილის დასახლებაში, მესამე მასივის მე-7 კვარტალის მე-12 კორპუსის მობინადრეებს ახალი ბინები გადაეცათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *