თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქალ ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
10 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების დარბაზში ქალი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. ნებისმიერ მგზავრს საშუალება აქვს შეიძინოს ნამუშევარი და თან წაიღოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ღონისძიების მიზანი მხატვარი ქალებისთვის ნამუშევრების რეალიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სივრცის შეთავაზებაა, რომელიც წლის ამ პერიოდში ყველაზე მეტად აქტიურია.

ექსპოზიციაში ყველაზე დიდი წილი სტუდენტების ნამუშევრებს უკავია, ასევე გამოფენაში მონაწილეობას იღებენ თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ბენეფიციარი ქალები და გალერეა “გამრეკელი”.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშემწყობი ღონისძიების ორგანიზების პარალელურად ტავ ჯორჯია მემორანდუმებს აფორმებს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან და თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან. აკადემიასთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი სტუდენტთა ხელშეწყობა და მათთვის თბილისის აეროპორტში საექსპოზიციო სივრცეების დათმობაა, ასევე სხვადასხვა პროექტისა და აქტივობის ფარგლებში სტუდენტების ნამუშევრების გამოყენება მათი პოპულარიზაციისთვის. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებასთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი კი ამ დაწესებულების ბენეფიციართა საზოგადოებაში ინტეგრაცია და მათთვის დასაქმების პლატფორმის შეთავაზებაა.

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია, ტავ ჯორჯია უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მრავალი პროექტი განახორციელა, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კი სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *