თბილისში აკუსტიკური ხმაურის გადამეტებაზე სამართალდარღვევათა რაოდენობა განახევრდა და 2024 წელს 2

თბილისში აკუსტიკური ხმაურის გადამეტებაზე სამართალდარღვევათა რაოდენობა განახევრდა და 2024 წელს 2
2024 წელს აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების სავარაუდო გადამეტებაზე ქალაქ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 5 570 საჩივარი შევიდა. ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშში. ომბუდსმენი გასული წლის მიმოხილვისას აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევაზე წერს, რომ ამ კუთხით საჩივრების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა არა მნიშვნელოვნად. 2023 წელს მსგავსი 5836 საჩივარი იყო.

“როგორც ირკვევა, საჩივრების უმეტესობა შეეხებოდა სამშენებლო, საგზაო და სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ასევე, ორბელიანის, ათონელის ქუჩებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული გასართობი ობიექტების ფუნქციონირებას. ზარების უმეტესობა შეეხებოდა ისეთი ტიპის ხმაურს, რომელზეც არ ვრცელდებოდა შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი (მაგ., ხმამაღალი საუბარი, ყვირილი, ჩხუბი და სხვ.), ამდენად, ასეთ შემთხვევებში, მოქალაქეებს სატელეფონო კომუნიკაციით განემარტებოდათ აღნიშნული გარემოებები. 2024 წელს უწყებამ გამოავლინა 210 სამართალდარღვევა, ხოლო წინა წელს აღნიშნული მონაცემი ორჯერ და უფრო მეტჯერ დიდი იყო [521]. აღსანიშნავია, რომ შედგენილი ოქმების უმეტესობა მიემართება იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს.

ამდენად, როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, 2023 წელთან შედარებით, 202 წელს ხმაურთან დაკავშირებული საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, მაგრამ დიდი სხვაობაა გამოვლენილ სამართალდარღვევების ოდენობებს შორის, რაც, გარკვეულწილად, შესაძლოა, უკავშირდებოდეს პასუხისმგებლობის გამკაცრებასაც”, – წერია ომბუდსმენის ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ იურიდიული პირების/ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ შედგენილი სამართალდარღვევების ოქმები სოლიდურ ფინანსურ სანქციებს გულისხმობს 1500-დან 10 000 ლარამდე.

ცნობისთვის, აკუსტიკური ხმაურის ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა 2023 წელს გამკაცრდა,
და გაფრთხილების ნაცვლად, აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისათვის ფიზიკური და კერძო პირებისთვის პასუხისმგებლობის სახედ ფულადი ჯარიმა დადგინდა. გაიზარდა ფულადი ჯარიმის ოდენობა განმეორებითი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *