სტადიონის მშენებლობა მთავრობის განკარგულებით განისაზღვრა, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. დოკუმენტის მიხედვით, პროექტის განხორციელებას მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს. განკარგულებაში ასევე გაწერილია სხვა სახელმწიფო უწყებების მონაწილეობაც, რომლებიც პროექტის რეალიზებაში იქნებიან ჩართული.
მთავრობის განცხადებით, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა გათვლილია უმაღლესი რანგის როგორც საფეხბურთო, ისე სარაგბო ტურნირების მასპინძლობაზე, რაც ქვეყანას სპორტის ამ მიმართულებებში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.
ამასთან, სტადიონი არამხოლოდ სპორტული, არამედ კულტურული და საქმიანი ღონისძიებების პლატფორმადაც იქცევა — პროექტის ფარგლებში იგეგმება მაღალი დონის საკონცერტო სივრცისა და საკონვენციო ცენტრის მოწყობაც.
როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ახალი მულტიფუნქციური სტადიონის კონცეფციაზე მუშაობა უეფას ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს.