უწყვეტი პროტესტის 150-ე დღეს დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო “თავისუფლების მარში” მიმდინარეობს. მარშის გზავნილია: “გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
საპროტესტო აქციაში მონაწილე მოქალაქეები და რეჟიმის პატიმართა ოჯახის წევრების შეკრება 14:00 საათიდან დაიწყო. მედიასთან საუბარში აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მიზანი აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია მსვლელობის დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებაც. როგორც აქციის მონაწილე “TV პირველთან” საუბარში ამბობს, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას მარშის მონაწილეებსა და უცნობ პირს შორის, რომელიც მშვიდობიან დემონსტრანტებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მისი თქმით, შსს-ს თანამშრომლებმა უცხო პირი ტერიტორიას განარიდეს.
ფოტო: Mo Se