თურქეთის ათასწლოვანი მყინვარები, შესაძლოა, ორ ათწლეულში მთლიანად დადნეს – მეცნიერები

თურქეთის ათასწლოვანი მყინვარები, შესაძლოა, ორ ათწლეულში მთლიანად დადნეს – მეცნიერები
სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ცილოს მთებზე მყინვარები 20 ათასზე მეტ წელს ითვლის, სადაც ყინულის საფარის სიმაღლე ზღვის დონიდან 4135 მეტრს აღწევს, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მყინვარის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოხერხდება. გლობალური დათბობის გამო, მყინვარს წლიდან წლამდე ყინულის საფარის მნიშვნელოვანი ფართობი აკლდება, მეცნიერები კი მოითხოვენ, ცილოს მთები ვიზიტორებისთვის დაიხუროს.

Van Yüzüncü Yıl-ის უნივერსიტეტის პროფესორი, ფარუკ ალედინოღლუ ადგილობრივ მედიასთან აცხადებს, რომ ტერიტორიაზე ბოლო 30 წლის განმავლობაში მყინვარის ფართობი 55%-ით შემცირდა. მისი განმარტებით, ზღვის დონიდან 4135 მეტრზე ტემპერატურული სხვაობა უფრო მეტად შესამჩნევია, ვიდრე ქვეყნის სხვა წერტილებში, რის გამოც ყინულის დნობა უფრო სწრაფი ტემპითაც მიმდინარეობს. მეცნიერის ცნობით, ყინულის საფარი, რომლის სიღრმეც 200 მეტრს აღწევდა, ახლა მხოლოდ 50 მეტრია. როგორც ალედინოღლუ განმარტავს, 50 მეტრის სისქის ყინულის საფარი უკვე აღარ კლასიფიცირდება როგორც მყინვარი.

ალედინოღლუ მიიჩნევს, რომ თუ მყინვარების შენარჩუნებაზე ზრუნვა არ დაიწყო, ყინულოვანი საფარი მომდევნო 20 წლის განმავლობაში მთლიანად გაქრება.

“ეს მყინვარები ჩვენი მემკვიდრეობაა, ბუნებრივი საოცრებები, რომლებსაც ანატოლიის გეოგრაფიის უძველესი ფრაგმენტები უნახავთ, ეს საოცრება უნდა დავიცვათ”, – განაცხადა ალედინოღლუმ თურქულ მედიასთან.

საქმე ისაა, რომ ცილოს მთები თურქეთის ეროვნულ პარკად 2020 წლიდან გადაკეთდა და მას შემდეგ წლიურად ასობით მოგზაურს მასპინძლობს. ალედინოღლუ მიიჩნევს, რომ მყინვარი ვიზიტორებისთვის უნდა დაიხუროს და დამცავი ფენით დაიფაროს, რაც მათ შენახვას შეუწყობს ხელს. პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ მოგზაურებისთვის მყინვარზე გადაადგილება სარისკოა, რის გამოც უკეთესია, თუ ვიზიტორები მხოლოდ შორიდან გადაუღებენ მყინვარს ფოტოს და მასზე ლაშქრობას არ მოაწყობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *